ენცოს წითელი და ფერანის გოლი დამატებით დროში | ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრას „მეტლაიფ სთედიუმმა“ უმასპინძლა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი ფერან ტორესმა შეაგდო, „ფურია როხამ“ 1:0 მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა.
პირველი ტაიმი უაღრესად დაძაბული გამოდგა და სათამაშო უპირატესობას ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ფლობდა. მე-5 წუთზე ლამინ იამალს მომენტი ჰქონდა, მაგრამ 19 წლის შემტევმა კარგად ვერ დაარტყა და ემილიანო მარტინესმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
პირველ ტაიმში არგენტინას კარისკენ დარტყმა არ ჰქონია, ესპანეთმა კი სამჯერ დაარტყა და შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ — 0:0. აღსანიშნავია, რომ 44-ე წუთზე ლიონელ სკალონის იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია და ლისანდრო მარტინესის ნაცვლად მოედანზე ნიკოლას ოტამენდი შეიყვანა.
მეორე ტაიმში ესპანეთს რამდენიმე მომენტი ჰქონდა. 67-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა ფერან ტორესმა მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ „დიბუმ“ პოზიცია სწორად შეარჩია. 70-ე წუთზე სკალონის მეორე ცენტრალური მცველის შეცვლაც მოუწია და კრისტიან რომეროს ნაცვლად ფაკუნდო მედინა გამოჩნდა.
მე-80 წუთზე შანსი აიმერიკ ლაპორტს ჰქონდა და ემილიანო ისევ თავის ადგილზე იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ალბისელესტე“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ენცო ფერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და არგენტინა, რომელმაც ძირითადი დრო დარტყმის გარეშე დაასრულა, მოედანზე 10 კაცით დარჩა.
„დიბუმ“ 90 წუთში 10 სეივი გაიფორმა და დამატებითი დროის პირველ წუთზე ნიკო უილიამსის დარტყმის შემდეგ „ალბისელესტე“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა. 97-ე წუთზე ნიკომ გაიტანა, მაგრამ გოლი მიკელ მერინოს მიერ აღებული ჯარიმის გამო გაუქმდა. მალევე, გოლის გატანა მერინოს შეეძლო, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
106-ე წუთზე „ფურია როხამ“ მიზანს მაინც მიაღწია. პედრო პოროს ჩაწოდების შემდეგ ნიკო უილიამსმა თავით კარგად ითამაშა, ფერან ტორესს დაუგდო და ამ უკანასკნელმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა — 1:0.
დარჩენილ დროში ფერანმა მეორედ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. არგენტინამ მეტოქის კარისკენ პირველად 116-ე წუთზე დაარტყა — მესის გასროლა საკუთარ თავზე მერინომ მიიღო. 120-ე წუთზე „ალბისელესტეს“ მომენტი შეექმნა, მაგრამ უნაი სიმონი მცველებმა გადაარჩინეს. იგივე მოხდა კუთხურისას, მეორე კუთხურისას კი ჯულიანო სიმეონემ ოდნავ არაზუსტად დაარტყა და სააბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა. „ფურია როხამ“ ევროპის შემდეგ მუნდიალიც მოიგო.