მარადონა-უმცროსი: ვინც დიეგოსა და მესის ადარებს, ყველა სულელია
დიეგო მარადონა-უმცროსი (დიეგოს ვაჟი) მიიჩნევს, რომ მამის შედარება ლიონელ მესისთან არ შეიძლება.
– რაში მდგომარეობს არგენტინის ამ ნაკრების საიდუმლო?
„ეს, ეჭვგარეშეა, შესანიშნავი გუნდია და როდესაც მისი ლიდერი სრულად იხარჯება, ის ქმნის სხვაობას. მათ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გზა ხასიათის, თავდადებისა და გამარჯვების დიდი სურვილის წყალობით გაიკაფეს. და ეს მიუხედავად იმისა, თუ რა წვლილი შეიტანა მესიმ, თუმცა მან, რა თქმა უნდა, საკვანძო როლი ითამაშა”.
– ხედავთ თუ არა მსგავსებას ამ ნაკრებსა და 1986 წლის გუნდს შორის, რომლითაც მამათქვენმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო?
„არა, რადგან ამჟამინდელი გუნდი, რომელიც მესის გარშემოა აშენებული, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ის, რაც მამას ჰყავდა. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მამაჩემის გუნდი სუსტი იყო, მაგრამ არგენტინის ეს ნაკრები უფრო ძლიერია. მსგავსებას ხასიათში ვხედავ, ნებისმიერ ფასად საკუთარი ქვეყნის წარდგენისა და ეროვნული გუნდის ფერების დაცვის სწრაფვაში. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ორი ძალიან განსხვავებული ნაკრებია”.
– ორივე გუნდში არის თავისი საფეხბურთო გენიოსი.
„დიახ, მაგრამ 1986 წელს გუნდი ეყრდნობოდა უცხოპლანეტელს, დღეს კი პირველს ადამიანთა შორის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ორი ფეხბურთელი, რომლებსაც სხვაობის შექმნა შეუძლიათ”.
– მარადონასა და მესის შედარება ამ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო.
„ის, ვინც ასეთ შედარებას აკეთებს, ძალიან სულელია, და ამას მთელი პატივისცემით ვამბობ. პირველი - თავად მესიმ თქვა, რომ ეს შედარება უადგილოა, რადგან დიეგო ნომერი პირველია. მეორე - ფეხბურთი შეიცვალა. როგორ შეიძლება შეადარო მოთამაშე, რომელიც ასპარეზობდა ეპოქაში, როდესაც მოედანზე პრაქტიკულად ყველაფერი ნებადართული იყო - წიხლები, მუშტები, უხეში შეჯახებები. ფეხბურთელს, რომელიც თამაშობს დროში, სადაც ფეხზე პირველივე დაბიჯების გამოც კი შეიძლება პენალტი დაინიშნოს? და მესამე - არ შეიძლება უცხოპლანეტელების შედარება ადამიანებთან”.
– დღეს საღამოს მესი ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. თუ ის ზედიზედ მეორე ტიტულს მოიგებს, რაც მამათქვენმაც კი ვერ შეძლო, ვინ გახდება ის არგენტინისთვის?
„ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება, მაგრამ შედარების საკითხში ეს არაფერს შეცვლის. მას შეუძლია თუნდაც ათი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, მაინც არაფერი შეიცვლება”. - განაცხადა მარადონა-უმცროსმა.