ატლეტიკო არც 200 მილიონს დათანხმდება - ალვარესი არ იყიდება
მადრიდის „ატლეტიკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა, ხულიან ალვარესის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია დააფიქსირა და მკაფიოდ განაცხადა, რომ კლუბი არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვას არ აპირებს.
მისი თქმით, „ატლეტიკოს“ პოზიცია თავად ფეხბურთელს, მის აგენტსა და „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც უკვე გააცნეს.
„ჩემი პოზიცია ნათელია, ისევე როგორც კლუბის. ეს უკვე ავუხსენით ფეხბურთელს, მის აგენტსა და „ბარსელონას“ პრეზიდენტსაც. ეჭვი არ მეპარება, რომ „ატლეტიკო“ ხულიანისთვის საუკეთესო ადგილია, ხოლო ხულიანი — „ატლეტიკოსთვის“ იდეალური თავდამსხმელი. გვინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს,“ — განაცხადა ხილ მარინმა.
„ატლეტიკოს“ ხელმძღვანელმა ლაპორტას საჯაროდაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ კლუბი ალვარესს არცერთი თანხის სანაცვლოდ არ შეელევა.
„ცოტა ხნის წინ მოვისმინე, როგორ თქვა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, რომ მისი შეთავაზება უსაზღვრო არ იყო. ჩვენი პასუხიც ასეთია — ჩვენი უარი უსაზღვროა. არ გვინდა მისი გაყიდვა. არც 100 მილიონ ევროს მივიღებთ, არც 150 მილიონს და არც 200 მილიონს,“ — აღნიშნა მან.
ხილ მარინმა ასევე გაამხილა, რომ ლაპორტასთან ამ თემაზე პირადადაც ისაუბრა.
„ჟოანს კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ მას უბრალოდ მედიისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ეს არ მაღიზიანებს, რადგან კარგი პირადი ურთიერთობა გვაქვს. პირადად ვუთხარი: 'ჟოან, გთხოვ, დაანებე თავი. არ გვინდა მისი გაყიდვა და არც გავყიდით. შეწყვიტე დაჟინება.' თუმცა ის მაინც აგრძელებს ამ თემის ტრიალს, რადგან ეს მოსწონს. კარგად იცის, რომ ხულიანი მომავალ სეზონში „ბარსელონაში“ არ ითამაშებს, მაგრამ მაინც აგრძელებს ამ სპექტაკლს — გულშემატკივრებისთვის, მედიისთვის და, რაც ყველაზე ცუდია, თავად ხულიანისთვისაც,“ — განაცხადა „ატლეტიკოს“ დირექტორმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ალვარესს არასწორად აძლევდნენ რჩევებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ არგენტინელი პროფესიონალიზმს კვლავაც შეინარჩუნებს.
„ხულიანი ამ ორი წლის განმავლობაში კარგად გავიცანით და მის ხასიათსა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება. სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემი აზრით, მას არასწორად ურჩიეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კვლავ ისეთივე ფეხბურთელი იქნება, როგორიც აქამდე იყო — შესანიშნავი მოთამაშე, კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი,“ — თქვა ხილ მარინმა.
„ატლეტიკოს“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ალვარესი გულშემატკივრების მხარდაჭერასაც სწრაფად დაიბრუნებს.
„ეს ძალიან მარტივია. ყველაფერი დამოკიდებულია მის ქცევასა და თამაშზე. „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებს ერთი რამ სურთ — თავდადებული ფეხბურთელები და შედეგი. ამიტომ ჩემი და ნებისმიერი „ატლეტიკოს“ ქომაგის ოცნებაა, ვიხილოთ, როგორ გააქვს ხულიანს გოლები ჩვენი კლუბისთვის და როგორ იგებს ტიტულებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე მოხდება,“ — დაასრულა ხილ მარინმა.