„თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულები ვხვდებით“ - ქეცბაიას კომენტარი საპასუხო მატჩის წინ
ხვალ, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, „დინამო თბილისი“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „მონდორფს“ დაუპირისპირდება.
თამაშამდე ერთი დღით ადრე „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ქეცბაიამ:
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვის, იმიტომ რომ დინამოს თამაში ყოველთვის ეხება მთელ საქართველოს... თბილისის გუნდია, მაგრამ დინამო მთელ საქართველოში ყოველთვის ყველას ეკუთვნის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია. არ აქვს მნიშვნელობა იქ გასვლითი თამაში მოვიგეთ თუ არა, ვეცდებით ყველანაირად რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ხვალინდელ თამაშზე. მინდა, რომ მოვიგოთ... იმედია, ხალხი მოვა, რადგან ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე არ წარმომიდგენია.“
რა თქმა უნდა, დინამო არენა ჩვენი სტადიონია, ჩვენი მინდორია... ძაან კარგი სათამაშო მინდორი იყო... იმედია, რომ ამაზე უკეთესი იქნება მომავალში, მაგრამ ჩვენც არ ვიცით როდის დავბრუნდებით. იძახიან, რომ 6 სექტემბრამდე იქ თამაში არ გვექნება... რა თქმა უნდა, გვერჩივნა, რომ დინამო არენაზე გვეთამაშა, მაგრამ ასე მოხდა, რაც ჩვენზე არ ყოფილა დამოკიდებული... მაგრამ იმედია, რომ შემოდგომაზე, დინამო არენაზე მოგვიწევს ევროპული თამაშები.“
„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იბერია მომავალ ეტაპზე გავიდა. ვულოცავ, იმიტომ რომ ეს არა მარტო იბერიას, არამედ ქართული ფეხბურთის გამარჯვებაც არის. რაც უფრო მეტ თამაშს ვითამაშებთ ჩვენ ევროპაში, რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგი იქნება.“
„არ მგონია, რომ გუნდში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც გამოცდილება აკლიათ. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, ბევრია ახალგაზრდაც, რაც ძალიან გვახარებს. ისინი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.“
„არ მგონია, რომ გუნდში იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც უკვე ჰგონიათ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით. მართალია, ლუქსემბურგიდან კარგი ანგარიშით დავბრუნდით, მაგრამ ჩვენი მიზანია, ჩვენი გულშემატკივრების წინაშეც კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ.“
„რაც შეეხება დანარჩენს, ყველაფერი ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება. ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე სათანადოდ დავაფასოთ. ასეთი თამაშების დროს ყოველთვის არის სახიფათო მომენტები და არ გვინდა, რომ ამის მსხვერპლი გავხდეთ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ხვალ გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა თამაში მოვიგოთ.“
„კანკავა, ხარაიშვილი, უგრეხელიძეც ჯერ კიდევ არ არიან იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ გვინდა და თავადაც. არამგონია, რომ ჯერ მზად იყვნენ ასეთ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა გუნდთან ერთად უკვე ორი დღეა ვარჯიშობენ. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ თამაშს მოვიგებთ და უკვე მომავალი თამაშებისთვის ისინიც გუნდთან ერთად იქნებიან და მზად იქნებიან სათამაშოდ.“
„რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, ვინც გვაკლია, ალბათ ისინიც ცოტა ხანში ჩადგებიან მწყობრში და მიიღებენ ვარჯიშებში მონაწილეობას. ყველა ფეხბურთელი, ვინც გუნდშია, გვჭირდება. რაც უფრო მეტი არჩევანი გვექნება, მით უკეთესი.“
„იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი თამაში მოგვიწევს, კარგია, რომ ამ თვეში საქართველოს ჩემპიონატის მატჩები არ გვიწევს. ეს გვაძლევს საშუალებას, სათანადოდ მოვემზადოთ ევროპული თამაშებისთვის. შემდეგ კი უკვე დაგვეწყება გადატვირთული გრაფიკი და ალბათ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს მოგვიწევს თამაში, ამიტომ ყველას გვინდა, რომ ეს ბიჭები მალე დაგვიბრუნდნენ და გუნდთან ერთად დაიწყონ ვარჯიში.“
„მეც იმ აზრზე ვარ, რომ 19 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონატში უკვე უნდა ითამაშოს, თუ სურს, რომ პროგრესს მიაღწიოს და კარიერა სხვაგან გააგრძელოს. ჩემი აზრით, ნაცვლად იმისა, რომ კლუბების უმეტესობა ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემაზე, მათ განვითარებასა და შემდგომი ტრანსფერებიდან ფინანსური სარგებლის მიღებაზე იყოს ორიენტირებული, აქცენტს ძირითადად იმ მოთამაშეებზე აკეთებენ, რომლებიც კარიერის დასრულებასთან უკვე ძალიან ახლოს არიან.“
„რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდა ბიჭებს, ისინი უკვე თითქმის ერთი თვეა ჩვენთან ერთად არიან. ვაკვირდები მათ და ყოველ ვარჯიშზე აშკარად ეტყობათ პროგრესი, რაც ძალიან მისასალმებელია. ხელოვნურ საფარზე ვარჯიში და თამაში ერთია, ბუნებრივ მინდორზე კი – სულ სხვა. მათ უკვე სჭირდებათ ბუნებრივ საფარზე ვარჯიში და რადგან ამის საშუალება გვაქვს, ისინი ჩვენთან გადმოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან არ იქნებიან, თავიანთ ასაკობრივ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, ამ ბიჭებს ძალიან დიდი მომავალი აქვთ და მალე ფეხბურთში თავიანთ სათქმელს აუცილებლად იტყვიან.“
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა, საპასუხო დაპირისპირება კი 16 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.