კარაგერი: ბელინგემს ის აქვს, რაც ჯერარდს აკლდა
„ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ვეტერანმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ნორვეგიის წინააღმდეგ (2:1) ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თამაშზე თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა, სადაც ჯუდმა დუბლი შეასრულა.
კარაგერმა ჯუდი სტივენ ჯერარდს შეადარა და თავისი ყოფილი გუნდელი შემთხვვეით, თუ გამიზნულად გააკრიტიკა კიდეც…
„ყოველთვის ვიცოდით, რომ ბელინგემი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მაგრამ ბევრი ჩვენგანი დაგვეთანხმება, რომ ახლა ის იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმოგვედგინა.
მას შემდეგ, რაც ის დიდ ფეხბურთში შემოიჭრა, ინგლისელ მოთამაშეებს შორის მისთვის ყველაზე აშკარა შესადარებელი ვარიანტი სტივენ ჯერარდი იყო.
ჯერარდს, როგორც ნახევარმცველს, აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა: პასი, ბურთის ართმევა, გოლის ალღო და, რაც ყველაზე მთავარია, მატჩების მსვლელობის შეცვლისა და მათი პრაქტიკულად მარტო მოგების უნარი. ჩემს ყოფილ კაპიტანს ერთი სისუსტე თუ ჰქონდა, ეს შესაძლოა ის იყოს, რომ ნაკრებში თამაშისას საკუთარ თავის რწმენა აკლდა. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ გასახდელში უნდა შესულიყო და მთელი თავისი არსებით ეჩვენებინა: „აქ მთავარი მე ვარ“. მაგრამ ეს მის ხასიათში არ იჯდა.
ბელინგემს ეს თავდაჯერებულობა აქვს. მაგალითად, როგორც კი „რეალის“ მაისური მოირგო, ისეთი ადამიანის იერი ჰქონდა, რომელიც ფიქრობდა: „აქ ჩემს ადგილას ვარ. მე ამას ვიმსახურებ და შევძლებ გავხდე ამ კლუბის საუკეთესო მოთამაშე“. ზოგიერთი ასეთ დამოკიდებულებას ნაკლად მიიჩნევს, მაგრამ ფეხბურთელისთვის, რომელიც კარიერის საუკეთესო წლებში შედის და მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადადის, ეს სულაც არ არის მინუსი.
ეს თავდაჯერებულობა მის თამაშშიც შესამჩნევია. იმისთვის, რომ ყველაზე დიდ სცენასა და ყველაზე რთულ სტადიონებზე იბრწყინო, განსაკუთრებული მენტალიტეტია საჭირო, რომელიც კარგ მოთამაშეებს უდიდესებისგან გამოარჩევს.
ის, რასაც ახლა ბელინგემი აჩვენებს, ფეხბურთელთა უმეტესობისთვის მთელი კარიერის განმსაზღვრელი მიღწევა იქნებოდა. და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: გასახდელში სწორედ ის მუხტავს გუნდელებს, რადგან მისთვის ნახევარფინალში გასვლა საკმარისი არ არის.
თუ ინგლისი არგენტინასა და საფრანგეთს ეთამაშება, ის ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს მოწიწებით ხელს არ ჩამოართმევს - ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელისა და ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის წინაშე. ის ამას გააკეთებს აბსოლუტური რწმენით, რომ შეუძლია აჯობოს როგორც ლეგენდას, ისე თავის თანაგუნდელს“,
- დაწერა კარაგერმა The Telegraph-ის თავის სვეტში.