მოლდოვის ჩემპიონატის პრიზიორი და ბანკის თანამშრომელი - საინტერესო ამბები კაბო ვერდეს ნაკრებზე
Aa
Aa

მოლდოვის ჩემპიონატის პრიზიორი და ბანკის თანამშრომელი - საინტერესო ამბები კაბო ვერდეს ნაკრებზე

პარაგვაულ სასწაულსა და სამხრეთ ამერიკელების მხრიდან მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის გერმანიის ტურნირიდან გამოთიშვაზე ახლაც ყველა საუბრობს, მაგრამ ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ 2026 წლის პლანეტის პირველობის მთავარი აღმოჩენა კაბო ვერდეს ნაკრებია, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე მსოფლიოს ორმა ჩემპიონმა, ესპანეთმა და ურუგვაიმ ვერ მოუგო. ბუბისტას მომზადებული ფეხბურთელები მორიგ სასწაულთან და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ არგენტინამ შეძლო მობილიზება და აფრიკელები სახლში გაისტუმრა. თუმცა, ვოზინია და მისი თანაგუნდელები რომ ნამდვილი გმირები არიან, ეს კაბო ვერდეს მეკარეს ლიონელ მესიმაც პირადად უთხრა. ამ გუნდის შესახებ უამრავი რამ იწერება და ჩვენც შევეცდებით ჩრდილო ამერიკული მუნდიალის მთავარი სენსაციის ავტორები უფრო ახლოს გაგაცნოთ.

მისი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებით (54,5 მილიონი ევრო) კაბო ვერდეს ნაკრები მსოფლიოში 66-ე ადგილზეა. შედარებისთვის გეტყვით, რომ არგენტინელი ნიკო პასი (80 მილიონი) მთელ კაბო ვერდეს ნაკრებზე უფრო ძვირი ღირს.

მცირე ინფორმაცია სიდნი ლოპეს კაბრალზე, რომელმაც არგენტინასთან დამატებით დროში ანგარიში გაათანაბრა. მას ოთხი წლის წინ პროფესიონალურ დონეზე გერმანიაში ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და მეხუთე ბუნდესლიგის კლუბში ასპარეზობდა, სადაც თვეში 1000 ევროს იღებდა.

მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ვოზინიას მიღწევები ამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე - ათი წლის წინ „ზიმბრუს“ შემადგენლობაში მოლდოვის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო, მანამდე კი კაბო ვერდეს ჩემპიონი და კვიპროსის თასის მფლობელი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენების შედეგების მიხედვით, კაბო ვერდეს ფეხბურთის ფედერაცია საპრიზო თანხის სახით 12,5 მილიონ დოლარს მიიღებს, საიდანაც 11 მილიონი მეთექვსმეტედფინალში გასვლისთვის იგულისხმება, ხოლო მილიონნახევარი ეგრეთწოდებული საორგანიზაციო შემოსავლებია. 

ახლა გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს კაბო ვერდეს ნაკრების რამდენიმე წევრზე, რომელთაც მიმდინარე ტურნირზე თავი გამოიჩინეს და მათ საფეხბურთო სცენაზე გამოჩენას სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა.

კევინ ლენინი

30 მეტრიდან ურუგვაის ნაკრებს საჯარიმო გაუტანა და საკლუბო სეზონის დასასრულს გაფუჭებული განწყობა საგრძნობლად გამოიკეთა. „კრასნოდარის“ კაბო ვერდელმა ლეგიონერმა „სპარტაკთან“ რუსეთის თასის ფინალში 11-მეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა.

ელიუ ვარელა

2024 წელს „ზენიტი“ მის სანაცვლოდ „პორტიმონენსეს“ 7 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა სანკ-პეტერბურგელებმა უარი მიიღეს, პორტიმონენსელები ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ და აფრიკელი ლეგიონერი ისრაელის ჩემპიონატში შვიდ მილიონზე ორჯერ ნაკლებ ფასად გაუშვეს.

რობერტუ ლოპეში

ირლანდიის ჩემპიონატში, კერძოდ კი „შემროკ როვერსში“ თამაშობდა, როდესაც ისტორიული სამშობლოდან Linkedin-ის საშუალებით დაუკავშირდნენ და კაბო ვერდეს ნაკრებში ასპარეზობა შესთავაზეს, თუმცა რობერტუმ შეტყობინება სპამში ჩააგდო, რადგან ბანკში მუშაობდა და ფეხბურთის თამაშს ვერ უთავსებდა, მაგრამ ახლა როგორც ხედავთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, საბანკო საქმეები კი დიდი ხანია დაივიწყა.

სიდნი ლოპეს კაბრალი

თავისუფლად შეიძლება კაბო ვერდეს ნაკრებში ყველაზე დიდი სტატუსის ფეხბურთელი ვუწოდოთ. მართალია სულ რაღაც ოთხი წლის წინ გერმანიის მეხუთე ბუნდესლიგაში თამაშობდა, თუმცა გასულ სეზონში არც მეტი არც ნაკლები „ბენფიკაში“ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით იასპარეზა. „განსაკუთრებული“ სიდნიმ ერთ ეპიზოდში ძალიან გააბრაზა, როდესაც „რეალი“ – „ბენფიკას“ მატჩის შემდეგ ვინისიუსს მაისური სთხოვა, რაც ჯანლუკა პრესტიანინთან მომხდარი ინციდენტის გამო, ჟოზეს აზრით „ბენფიკას“ არც ერთ ფეხბურთელს არ უნდა გაეკეთებინა.

სტივენ მორეირა

2024 წელს, „კოლუმბუსში“ ასპარეზობისას ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს საფეხბურთო ლიგის MLS-ის სიმბოლურ ნაკრებში ლიონელ მესისთან და ჟორდი ალბასთან ერთად მოხვდა.

დაილონ ლივრამენტო

მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა - მამა დიჯეი ჰყავს, ძმა კი რეპერი. თავადაც ბავშვობიდან მაიკლ ჯექსონის ფანი იყო მომღერლობაზე ოცნებობდა, თუმცა მალე ჯექსონზე მეტად რონალდინიო შეუყვარდა და ფეხბურთელობა გადაწყვიტა.

ცნობისათვის, კაბო ვერდეს ნაკრები ამჟამად ფიფას მსოფლიო რეიტინგში 64-ე ადგილზეა და აფრიკის კონტინენტიდან მაროკოს (6), სენეგალს (18), ეგვიპტეს (24), ნიგერიას (26), ალჟირს (29), კოტ დ'ივუარს (31), კონგოს (41), კამერუნს (43), მალის (53), სამხრეთ აფრიკას (54), ტუნისს (57) და ბურკინა ფასოს (62) ჩამორჩება. აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 8 ივნისს, კაბო ვერდელებმა თბილისში ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებთან ითამაშეს და ფრედ, 1:1 დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“პატარა კუნძული უზარმაზარი ოცნებებით“ - იბრამ კაბო-ვერდეზე ისაუბრა
“პატარა კუნძული უზარმაზარი ოცნებებით“ - იბრამ კაბო-ვერდეზე ისაუბრა