ბუბისტა: “შეგვიძლია არგენტინას პრობლემები შევუქმნათ“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის მქონე ქვეყნის სტატუსით გასული კაბო-ვერდე 1/16-ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, არგენტინას, მაიამიში დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად არგენტინა მიიჩნევა, რომელსაც ლიონელ მესი ლიდერობს, კაბო-ვერდეს მთავარი მწვრთნელი ბუბისტა დარწმუნებულია, რომ მის გუნდს სიურპრიზის მოხდენა შეუძლია.
რა თქვა ბუბისტამ?
„გვაქვს რწმენა და თავდაჯერებულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გამბედავად ვითამაშებთ. ვიქნებით უშიშრები და ბოლომდე ვიბრძოლებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. გვინდა, ფეხბურთელებმა მატჩით სიამოვნებაც მიიღონ, მაგრამ ამავდროულად სრულად კონცენტრირებულები იყვნენ და ყველაფერი გააკეთონ გამარჯვებისთვის.
რა თქმა უნდა, გვჯერა. გვჯერა საკუთარი თავის, ჩვენი ძლიერი მხარეების, ჩვენი ფეხბურთელებისა და ჩვენი გუნდის. ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია. ჩვენ ამბიციურები ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.
ჩვენ საკუთარი სტრატეგია გვაქვს! არა მხოლოდ მესის, არამედ მთელი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. ისინი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები. ჩვენ მთელი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ვიცით, რომ მესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენი მეტოქე მთლიანად არგენტინის ნაკრებია.
ე.წ. პატარა გუნდებმა უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ თანაბარ დონეზე კონკურენცია გაუწიონ დიდ ნაკრებებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ ურთულესი გამოწვევების მიღება. არგენტინა ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება, მაგრამ გვინდა, რომ ეს მატჩი მათთვისაც ისეთივე რთული აღმოჩნდეს. აქ შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. ბოლო სამ შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია. ვიცით მეტოქის ხარისხი, მაგრამ საკუთარი ოცნებაც გვაქვს.“
შეგახსენებთ, რომ კაბო-ვერდემ ურთულესი ჯგუფიდან მოახერხა გასვლა. ბუბისტას გუნდმა ესპანეთთან, ურუგვაისთან და საუდის არაბეთთან თითო ქულა აიღო და 3 ქულით ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.
ცნობისთვის, კაბო-ვერდესა და არგენტინის დაპირისპირება 4 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 02:00-დან დაიწყება.