შორეული გასროლა - პაპუნაშვილმა ''რაიოს'' გაუტანა
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში ''რაიო ვალეკანომ'' 2:1 დაამარცხა ''სარაგოსა.'' ერთადერთი გოლი სტუმართა მხრიდან 88-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა შეაგდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი 69-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მიმდინარე სეზონის ლა ლიგა 2-ში მესამე გოლი გაიტანა.
22 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 21-ე მატჩი ჩაატარა. 8 შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა. 13 თამაშში თადარიგში იყო და მატჩის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში. პაპუნაშვილმა ''რაიოს'' გარდა ''ლორკას'' ორ შეხვედრაში თითო-თითო გოლი გაუტანა.
''სარაგოსა'' 55 ქულით მე-7 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება მეექვსეადგილოსან ''ოვიედოს.'' საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შემთხვევაში ''სარაგოსა'' გადათამაშების გზით ეცდება ლა ლიგაში აღზევებას.
ზემოთხსენებულმა ''ოვიედომ'' საკუთარ მინდორზე 1:0 დაამარცხა ''ხიმნასტიკი.'' დამარცხებულთა მაისურით ოთარ კაკაბაძემ 90 წუთი ითამაშა. 22 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 29-ე მატჩი ჩაატარა. კაკაბაძემ ერთადერთი გოლი ''ბარსელონას'' სარეზერვო გუნდს გაუტანა. 22-გუნდიან ლიგაში ''ხიმნასტიკი''42 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას ხუთი ქულით უსწებს.

''სევილიას'' სარეზერვო გუნდისა და ''გრანადას'' დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. 74-ე წუთზე სევილიელთა ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ჩაერთო თამაშში. ''სევილია ბ'' 23 ქულით ბოლო ადგილზეა, ამდენივე ქულაა ''ლორკას'' ანგარიშზე.
