„ძლიერი მეტოქე გვყავდა, ვნერვიულობდით“ | ტუხელისა და კეინის კომენტარები
ტომას ტუხელის ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო და ხორვატია 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.
„პირველი ტაიმი რთული გამოდგა, ნერვიულობა იგრძნობოდა. უსაფრთხო თამაში ავირჩიეთ და ბურთს უკან ვაბრუნებდით. რიტმის პოვნა გაგვიჭირდა და არ გვქონდა თავდაჯერებულობა, რათა თავისუფალ სივრცეებში შევსულიყავით.
ვნახე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც პირველ ტაიმში ორთაბრძოლების მხოლოდ 33% მოვიგეთ, ხოლო მეორეში — 73%. ასე რომ, პირველ ტაიმში ბურთის გარეშე თამაშისასაც არ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე და ბოლომდე მობილიზებულები. მეორე ტაიმში ფეხბურთელთა რეაქცია ძალიან მომეწონა. ეს ძალიან ემოციური იყო. ემოციური მატჩი გამოდგა და დიდი ხანი დაგვჭირდა, რათა ჩვენი თამაში გვეპოვა.
რა ვუთხარი ფეხბურთელებს შესვენებაზე? ვუთხარი: „რომც წავაგოთ, ეს არ შეცვლის ჩემს წარმოდგენას ბოლო 17 დღეზე და მოდით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ“. ანგარიშის შენარჩუნებაზე ძალიან ვიყავით კონცენტრირებულები. ფაქტობრივად, შვიდი მცველით ვთამაშობდით და სათანადო დონეზე თავს მაინც ვერ ვიცავდით. თუ შედეგი ჩვენ სასარგებლოდ არ არის, გვინდა, რომ მაინც ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ვცადე, ფეხბურთელები გამემხნევებინა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ძლიერი მეტოქე გვყავდა და ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა“.
ტუხელის გარდა, ინგლისის ნაკრების თამაშზე გუნდის კაპიტანმა, ჰარი კეინმაც ისაუბრა: „ეს ის დონეა, რომლის მიღწევაც, ვიცით, რომ შეგვიძლია. პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ გვქონდა მომენტები, რის წყალობითაც ორი გოლი გავიტანეთ. გაშვებული გოლები ცოტა გულდასაწყვეტი იყო, განსაკუთრებით მეორე — ძალიან ღრმა დაცვაში ვიდექით. ეს ჩვენი სტილი არ არის და არც ის გუნდი ვიყავით, რომელიც გვინდა, რომ ვიყოთ.
შესვენებაზე მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა: „წავედით! ტემპს მოუმატეთ, ერთი ერთზე ითამაშეთ და თამაში გააკონტროლეთ“. მეორე ტაიმში სწორედ ეს გავაკეთეთ. თქვენ ნახეთ ინგლისის ნაკრების საუკეთესო დონე, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე. მეორე ტაიმის 20-წუთიან მონაკვეთში შეგვეძლო სამი ან ოთხი გოლი გაგვეტანა. გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო და მატჩი ბოლოს ლამაზად დავასრულეთ“.
ცნობისთვის, ინგლისის ჯგუფში ხორვატიის გარდა განა და პანამა არიან. „სამი ლომის“ მომდევნო მეტოქე განაა, რომელსაც 23 ივნისს დაუპირისპირდება.