მბაპე საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირი გახდა | OPTA-ს საინტერესო ცნობები
დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთმა 2026 წლის მუნდიალის პირველ მატჩში სენეგალს 3:1 მოუგო. მბაპემ დუბლი შეასრულა, რაბიოს პასით ბარკოლამ შეაგდო, ერთადერთი საპასუხო გოლი მბაიეს აქტივშია, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა, ლუის ენრიკეს პსჟ-ს ფეხბურთელია.
OPTA-ს სტატისტიკური ცნობები
სენეგალთან შესრულებული დუბლით კილიან მბაპე საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირი გახდა, მის აქტივში 58 გოლია, ოლივიე ჟირუს გადაასწრო.
მუნდიალებზე გატანილი გოლების მაჩვენებლით მბაპემ არგენტინელ ლიონელ მესის (13), ფრანგ ჟიუსტ ფონტენსა (13) და ბრაზილიელ პელეს (12) გადაასწრო, გერმანელ გერდ მიულერს გაუთანაბრდა (14). მასზე მეტი გოლი მხოლოდ გერმანელ მიროსლავ კლოზესა (16) და ბრაზილიელ რონალდოს (15) აქვთ.
საფრანგეთმა დღეს პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი დარტყმა შეასრულა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებში მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც Opta-მ ტურნირის ანალიზი დაიწყო (1966 წლიდან).
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ძელმა საფრანგეთი 5-ჯერ იხსნა, ხოლო 2018 წლიდან მოყოლებული — 6-ჯერ. ორივე შემთხვევაში ეს ტურნირზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე მხრივ, სენეგალმა მსოფლიო ჩემპიონატზე ძელს მხოლოდ მეორედ გაარტყა, პირველად კი ეს მოხდა საფრანგეთის წინააღმდეგ 2002 წელს.
დიდიე დეშამისთვის ეს მთავარი მწვრთნელის რანგში მე-4 მსოფლიო ჩემპიონატია. მასზე მეტი მხოლოდ კარლოს ალბერტო პარეირას (6) და ბორა მილუტინოვიჩს (5) აქვთ (კარლოს კეირუშიც მალე მიაღწევს მე-5-ს). ეს ასევე მისი მე-20 მატჩია საფრანგეთის ნაკრების სათავეში მსოფლიო ჩემპიონატზე; მხოლოდ ჰელმუტ შონმა ჩაატარა მეტი მატჩი ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში (25 გერმანიასთან).
პირველად, დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთი ორ დიდ ტურნირს ერთი და იგივე ცენტრალური მცველების წყვილით დაიწყებს:
2014-ის მუნდიალი, ვარანი - სახო
ევრო 2016, რამი - კოსიელნი
2018-ის მუნდიალი, ვარანი - უმტიტი
ევრო 2020, ვარანი - კიმპემბე
2022-ის მუნდიალი, კონატე - უპამეკანო
ევრო 2024 და 2026-ის მუნდიალი, სალიბა - უპამეკანო
საფრანგეთს და სენეგალს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადებში ერთად 33 საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი ჰყავთ: 23 „ლურჯების“ რიგებში, 10 კი — „ტერანგას ლომების“ მხარეს.
ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს ერაყი და ნორვეგია დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება მეორე ტურს, საფრანგეთის მეტოქე ერაყი იქნება, სენეგალი კი ნორვეგიას შეხვდება - ორივე მატჩი 23 ივნისს გაიმართება.