კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად „დილა“, „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ იბრძვიან და მათი მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
ქუთაისის „ტორპედო“ აზერბაიჯანულ „ზირას“ დაუპირისპირდება. „დინამო თბილისს“ პირველ რაუნდში ლუქსემბურგული „მონდორფ-ლეს-ბაინსი“ შეხვდა, „დილას“ მოწინააღმდეგე კი სან მარინოს წარმომადგენელი, „ვირტუსი“ გახლავთ. „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ პირველ შეხვედრებს სტუმრად გამართავენ, „დილა“ პირველ თამაშს საკუთარ კედლებში ჩაატარებს.
ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9 ივლისს გაიმართბა, განმეორებითი თამაშები კი 16 ივლისს არის დანიშნული.
„ზირამ“ გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა, მაგრამ უეფამ „ტურან ტოვუზი“ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხსნა და მის ნაცვლად „ზირა“ დაუშვა. აზერბაიჯანული კლუბის რიგებში დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი თამაშობენ.
„დინამო თბილისის“ მეტოქე „მონდორფმა“ ლუქსემბურგის ჩემპიონატში 60 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება „ვირტუსს“, სან მარინოს წარმომადგენელი ჩემპიონ „ტრე ფლორის“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.