MLS-ში იცინოდნენ, საფრანგეთში დანას გვესროდნენ | იბრა ევროპელ და ამერიკელ ქომაგებზე
ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც 2018-19 წლებში ლა გალაქსის რიგებში 58 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი შეასრულა, ჯიმი კიმელის „ლაივში’’ ამერიკელ ქომაგებზე ისაუბრა. მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს განსხვავება MLS-სა და ევროპულ ფეხბურთს შორის. ევროპელი ქომაგები, განსაკუთრებით ტოპ ლიგებში, ფეხბურთელების მიმართ გაცილებით მომთხოვნი არიან, რაც MLS-სგან სრულიად განსხვავებულ გარემოს წარმოგვიდგენს.
— თქვი, რომ აშშ-ში გულშემატკივრები „რბილები“ არიან... რას გულისხმობდი?
- მახსოვს, აქ, გალაქსიში თამაშის დროს, როცა ვაგებდით და სტადიონიდან გავდიოდი, ვხედავდი გულშემატკივრებს, რომლებიც იცინოდნენ, ტაკოს ჭამდნენ (პოპულარული მექსიკური საკვები) და მანქანასთან გელოდებოდნენ... ეს არის სირბილე. ევროპაში თამაშს რომ აგებ, ქომაგები მანქანასთან კი არ გელოდებიან, სახლთან გელოდებიან. თანაც, ხელში ტაკო ნამდვილად არ უჭირავთ. ეს სრულიად სხვა რამეა.
მახსოვს, პსჟ-ში ყოფნისას, მარსელში გასვლით მატჩზე მოედანზე დანებს გვესროდნენ. გოლი გავიტანეთ და როგორც წესი, მის აღსანიშნავად კუთხურის ალმისკენ მივდივართ ხოლმე, ქომაგებთან ახლოს. სწორედ მაშინ დავინახე, რომ დანა გვესროლეს. თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ შემდეგ გოლს უკვე მოედნის ცენტრში აღვნიშნავდით. იქიდან ცოცხალი გამოსვლა მინდოდა, მეტი აღნიშვნა კუთხურის ალამთან აღარ ყოფილა.
- რომელ ქვეყანაში არიან ყველაზე „რბილი“ გულშემატკივრები?
- აშშ-ში, მაგრამ ეს ჩემპიონატის ფორმატის ბრალია. იქ ფლეი-ოფებია, ასე რომ, რეგულარული სეზონის განმავლობაში შეგიძლია მოიგო ან წააგო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საბოლოოდ ფლეი-ოფში გახვიდე. ევროპაში სხვაგვარადაა, განსაკუთრებით დიდ ჩემპიონატებში. იქ წნეხია. როცა ვერ იგებ, დამიჯერე, 5 წუთის შემდეგ მთელი სტადიონი სტვენას იწყებს და ეს ძალიან კარგად გესმის.