ბენფიკა 15 მილიონს მიიღებს | მოურინიო რეალში დაინიშნა
მადრიდის „რეალს“ ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყო, რომ გუნდი „განსაკუთრებულმა“ ჩაიბარა. მოურინიომ „ბლანკოსთან“ 2029 წლის 30 ივნისამდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა.
„რეალის დირექტორთა საბჭო, რომელიც დღეს, ხუთშაბათს, 11 ივნისს, ფლორენტინო პერესის თავმჯდომარეობით შეიკრიბა, შეთანხმდა, რომ პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად მომავალი სამი სეზონით, 2029 წლის 30 ივნისამდე, ჟოზე მოურინიო დანიშნოს. ჟოზე მოურინიო „რეალს“ 13 ივლისს, წინასასეზონო მომზადების დაწყების დღეს შეუერთდება,“ — ნათქვამია განცხადებაში.
???? ¡Bienvenido, Mourinho! ???? pic.twitter.com/iLce8neamx
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 11, 2026
მოურინიო „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი იყო და „არწივები“ კომპენსაციას მიიღებენ. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ეს თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, მოურინიოს სატრანსფერო მოთხოვნებიც შედგენილი აქვს. „განსაკუთრებულს" პირველ რიგში დაცვის ცენტრისა და მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს. ასევე, „რეალმა" უნდა დაიმატოს საყრდენ ზონაში მოქმედი ნახევარმცველი, რომელიც ბურთის ამოტანასა და თამაშის კონტროლზე იქნება პასუხისმგებელი. რომანოს ცნობით, მისი პირველი გარიგება ბერნარდუ სილვას გაფორმება იქნება.