ტრაბზონსპორმა ზურიკოს ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა - ცნობილია მიზეზი
„ტრაბზონსპორმა“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Futs Haber-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „მწვანეების“ მიერ დასახელებული მაღალი სატრანსფერო ღირებულებაა.
Futs Haber-ი ასევე წერს, რომ თურქული კლუბი „სენტ-ეტიენის“ მხრიდან მოლაპარაკებებში დათმობებზე არწასვლით არის უკმაყოფილო. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ფრანგული კლუბი საქართველოს ნაკრების შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობისთვის, დღესვე პორტუგალიურმა პრესამ ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ადგილობრივი ჟურნალისტისა და კომენტატორის, ლუის პინტუ კოელიოს ცნობით, „ბენფიკა“ „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და მზადაა, ქართველში 12-15 მილიონი ევრო გადაიხადოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზურიკოს „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 1-ში დაბრუნება ვერ შეძლო და გაისადაც რანგით მეორე დივიზიონში იასპარეზებს. დავითაშვილი 14 გოლითა და 5 საგოლე პასით ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.