უდიდესი სენსაცია როლან გაროსზე | სინერი მეორე წრეში დამარცხდა
როლან გაროსზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა და 56-ე ჩოგანთან, ხუან მანუელ სერუნდოლოსთან 5 სეტში დამარცხდა — 6:3, 6:2, 5:7, 1:6, 1:6.
შეხვედრის პირველ და მეორე სეტში სინერი კარგად გამოიყურებოდა და არგენტინელ მეტოქეს შანსს არ აძლევდა. მესამე სეტში იტალიელი ჩოგბურთელი 5:1-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო. 5:4-ზე, საკუთარ მოწოდებაზე, იანიკმა სამედიცინო პაუზა აიღო, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ძლიერი თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება აწუხებდა. მან კორტიც დატოვა და დაბრუნებისას ფეხს იტკიებდა. საფრანგეთში ძალიან ცხელა და, სავარაუდოდ, სინერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სწორედ მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.
სერუნდოლომ მესამე სეტი 7:5 მოიგო, მეოთხე და მეხუთე პარტიებში კი ერთნაირი ანგარიშით იმარჯვა. მატჩის ბოლო 20 გეიმიდან მან სინერს 18 მოუგო. მესამე სეტში, 1:5-ზე, იანიკის მომდევნო ეტაპზე გასვლის ალბათობა 99 პროცენტი გახლდათ.
იტალიელ ჩოგბურთელს 30-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც მარტში დაიწყო. გარდა ამისა, იანიკს ტოპ 50-ის მიღმა მყოფ ჩოგბურთელებთან ზედიზედ 59 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული. ბოლო 20 წელიწადში სინერი მეორე ჩოგბურთელია, რომელიც დიდი სლემის ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მეორე წრეში დამარცხდა. ბოლოს ეს 2023 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალს შეემთხვა.