El Pais: სევილიისა და სერხიო რამოსის მოლაპარაკებები ჩაიშალა
სევილიას გაყიდვის პროცესი სერიოზულ კრიზისში შევიდა. ინფორმაციას გამოცემა El pais ავრცელებს. ანდალუსიური კლუბის აქციონერებს საერთოდ არ აკმაყოფილებთ სერხიო რამოსის ხელმძღვანელობით მოქმედი საინვესტიციო ჯგუფის ახალი შეთავაზება, რომელიც 12 მაისს მიღწეულ შეთანხმებაზე მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა.
„შეთანხმება დაიშალა და დასრულებულია,“ — ასე აღწერა სიტუაცია კლუბის ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ოთხშაბათს სევილიაში გამართულ ბოლო შეხვედრას ესწრებოდა.
იმ შეთანხმების მიხედვით, რომელიც 12 მაისს შედგა, რამოსის ჯგუფი ვალდებულებას იღებდა კლუბის აქციების 80%-ში 450 მილიონი ევრო გადაეხადა, საიდანაც 88 მილიონი აღიარებული ვალი უნდა გამოკლებულიყო.
თუმცა ახალი წინადადებით რამოსის მხარე მხოლოდ დაახლოებით 30,000 აქციის შეძენას გეგმავდა, მაშინ როცა თავდაპირველად შეთანხმება 86,000 აქციაზე იყო მიღწეული. ამის შემდეგ ჯგუფმა კაპიტალის გაზრდის იდეა წარადგინა, რათა კლუბში დამატებით 42%-იანი გავლენა მიეღო.
„შოკში ვიყავით, რადგან მას პრაქტიკულად სურდა, სევილია დაახლოებით 100 მილიონ ევროდ ეყიდა. კაპიტალის ზრდისთვის 80 მილიონზე ოდნავ მეტი და აქციონერებისთვის მხოლოდ 18 მილიონი ევრო,“ — აცხადებენ კლუბთან დაახლოებული წყაროები.
ამ ეტაპზე კლუბში მიიჩნევენ, რომ სერხიო რამოსთან მოლაპარაკებების განახლების შანსი აღარ არსებობს.
31 დეკემბრიდან მოყოლებული, რამოსის ჯგუფი ფავორიტად ითვლებოდა კლუბის აქციების შესაძენად. მსხვილმა აქციონერებმა მასთან პრიორიტეტული შეთანხმებაც კი გააფორმეს, რის შემდეგაც ჯგუფმა თითქმის ხუთი თვის განმავლობაში კლუბის ფინანსური აუდიტი ჩაატარა.
„ამ ხუთი თვის განმავლობაში მოტყუებულად ვიგრძენით თავი,“ — აცხადებენ იგივე წყაროები.
მოლაპარაკებების პერიოდში გამყიდველი მხარე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდა შეთავაზების ფინანსურ სიძლიერეს, მიუხედავად იმისა, რომ რამოსის ჯგუფი თითო აქციაში 3,200 ევროს იხდიდა. მათ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების დასადასტურებლად სევილიაში გამართულ შეხვედრაზე გარანტიებიც წარადგინეს, რომლებიც მონტერეის ერთ-ერთი გავლენიანი მექსიკური ბიზნესოჯახის მხარდაჭერით იყო უზრუნველყოფილი.
ახლა ყველა ელოდება, როგორი იქნება თავად სერხიო რამოსის პასუხი — ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავის, რომელსაც კარიერის დასრულება ოფიციალურად ჯერაც არ გამოუცხადებია.
აღსანიშნავია, რომ სანამ რამოსის ვარიანტს განიხილავდნენ, „სევილიას“ აქციონერებმა კლუბის გაყიდვაზე უარი სამ სხვა პოტენციურ მყიდველსაც უთხრეს, მათ შორის სევილიელი ბიზნესმენებისა და კლუბის გულშემატკივრების ჯგუფს.