ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

აზაროვის კარგი მატჩი - მესამე საგოლე პასი სეზონში

ირაკლი აზაროვის მოედანზე თითოეული გამოჩენისთანავე ალბათ თითოეულ ქართველ გულშემატკივარს რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონდეს, ყველა მატჩში პროდუქტიულად გაირჯებოდა. ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე - „კრივბასთან“ უკრაინის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში, „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა არდა თურანმა 24 წლის ქართველი მარცხენა მცველი თადარიგში დატოვა, თუმცა მე-14 წუთზე ირაკლი ტრავმირებული ტუნისელის, ალა გრამის ნაცვლად ჩაერთო თამაშში და მისთვის უცხო, დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოუწია ასპარეზობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და დონეცკელებს სტუმრად 3:2 გამარჯვებაში დაეხმარა.

მოედანზე გამოჩენისთანავე ირაკლიმ კარგად ჩააწოდა და მის თანაგუნდელს ბურთის გასატანად სიზუსტე დააკლდა. სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში აზაროვმა მიზანს მაინც მიაღწია, მარჯვენა ფლანგიდან ტექნიკურად შეიჭრა და ბურკინა ფასოელ თანაგუნდელს, ლასინა ტრაორეს გაატანინა. ეს „შახტარის“ ქართველი ლეგიონერისთვის წლევანდელ სეზონში მე-3 საგოლე პასი გახლდათ. დარჩენილ დროშიც აზაროვი საკმაოდ აქტიური იყო და თანაგუნდელების დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანას ცდილობდა, ხოლო კომპენსირებულ დროში თავად სცადა გატანა, თუმცა მცირედი დააკლდა.

ცნობისათვის, „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონის რიგით მე-16 ტიტული რამდენიმე დღის წინ გაინაღდა და როგორც ეს ტური, ასევე ბოლო თამაში კლუბისთვის ფორმალობაა - წლევანდელ პრემიერლიგას ირაკლი აზაროვი და მისი თანაგუნდელები 21 მაისს „კოლოსთან“ საშინაო მატჩით დაასრულებენ, რომლის ღირსებასაც ორი ქართველი ფეხბურთელი, ნიკოლოზ გაგნიძე და ზურაბ რუხაძე იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის ავტოგოლი და გოლი - ნიურნბერგმა სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა
ლოჩოშვილის ავტოგოლი და გოლი - ნიურნბერგმა სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა