ოფიციალურად - ლევანდოვსკი ბარსელონას ზაფხულში დატოვებს
რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში „ბარსელონას“ დატოვებს. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად პოლონელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
მისი განცხადებით, გასული ოთხი წელი სავსე იყო გამოწვევებითა და გამარჯვებებით, ახლა კი ცვლილებების დრო დადგა.
„მივდივარ და მჯერა, რომ საქმე შესრულებულია: 4 სეზონი, 3 მოგებული ლა ლიგა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მიჭერდნენ მხარს გულშემატკივრები აქ გადმოსვლის პირველივე დღიდან. კატალონია ჩემი სახლია. მადლობა პრეზიდენტ ლაპორტას, მისი დამსახურებაა ის, რომ აქ ჩემი კარიერის ყველაზე შესანიშნავი ნაწილი გავიარე. ბარსელონა იქ დავაბრუნეთ, სადაც მისი ადგილი იყო“.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი ფორვარდი „ბარსელონას“ „ბაიერნიდან“ 2022 წელს შეუერთდა. 191 ოფიციალურ მატჩში პოლონელმა 119 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი შეასრულა.
არსებული ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ 37 წლის ლევანდოვსკის კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობდა, თუმცა პოლონელს ხელფასის შემცირება და უფრო მოკრძალებულ როლზე დაკმაყოფილება მოუწევდა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონელს მლს-ის და საუდის არაბეთის კლუბები იწვევენ. რამდენიმე კვირის წინ დაიწერა ტურინის „იუვენტუსის“ დაინტერესებაზეც. ყველაზე სავარაუდო მიმართულებად ლევანდოვსკისთვის „ჩიკაგო ფაერი“ სახელდება, სადაც პოლონელი წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს.