ჯაშუშური სკანდალი ჩემპიონშიფში - საუთჰემპტონს დისკვალიფიკაცია ემუქრება
გამოძიება დაწყებულია - მიდლსბრო საუთჰემპტონის ანალიტიკოსს ჯაშუშობაში ადანაშაულებს
ინგლისის საფეხბურთო ლიგამ (EFL) საუთჰემპტონისა და მიდლსბროს მატჩამდე შესაძლო თვალთვალის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც ცნობილია, „საუთჰემპტონი“ და „მიდლსბრო“ ორმატჩიან დაპირისპირებაში პლეიოფის ფინალში მოსახვედრად იბრძოდნენ. ორი მატჩის ჯამში „საუთჰემპტონმა“ გაიმარჯვა (0:0, 2:1) და ფინალში გავიდა, სადაც „ჰალ სიტის“ უნდა შეხვდეს.
BBC Sport-ის ინფორმაციით, 8 მაისს, ამ გუნდების პირველი მატჩის წინ „საუთჰემპტონის“ ანალიტიკოსი „მიდლსბროს“ ვარჯიშის ჩაწერის და ტაქტიკის შესახებ ინფორმაციის ფოტოგადაღების პროცესში გამოიჭირეს. მას ვიდეოჩანაწერი წააშლევინეს და „მიდლსბროს“ საწვრთნელი ბაზის ტერიტორია დაატოვებინეს, შემდეგ კი კლუბმა EFL-ს მიმართა.
„მივმართეთ „საუთჰემპტონს“ გამოძიების ჩატარების თხოვნით. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი „მიდლსბროს“ საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე მოხდა და მასში „საუთჰემპტონთან“ დაკავშირებული პირი მონაწილეობდა. პოტენციურად ეს ლიგის წესების დარღვევას წარმოადგენს“, - აღნიშნულია EFL-ის განცხადებაში.
დღეს კი ოფიციალური განცხადება გაავრცელა „მიდლსბრომაც“. კლუბი პლეიოფიდან „წმინდანების“ დისკვალიფიკაციას ითხოვს.
„ამ სიტუაციაში ერთადერთი ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილება სპორტული სასჯელი იქნებოდა, რომლის მიხედვითაც „საუთჰემპტონს“ პლეიოფის ფინალში თამაში აეკრძალებოდა. ვიმედოვნებთ, რომ EFL-ი სწორედ ასეთი სანქციის გამოყენებას უზრუნველყოფს“.
ცნობისთვის, „ჰალ სიტისა“ და „საუთჰემპტონის“ მატჩი 23 მაისს არის ჩანიშნული. დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ გადაწყვეტილება 19 მაისამდე უნდა მიიღოს.