„გუნდზე მაღლა არავინ დგას“ - ფაბრეგასი ვინისიუსი-ალონსოს კონფლიქტზე
„კომოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანსესკ ფაბრეგასმა ამ სეზონში „რეალში“ ჩაბი ალონსოსა და ვინისიუსს შორის არსებულ გაუგებრობაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„ეს ის მომენტია, როდესაც მზად უნდა იყო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, და ის, რაც როგორც მწვრთნელს უკეთესს გხდის, არის უნარი, პირველ რიგში, გუნდზე იფიქრო.
არავინაა გუნდზე უკეთესი, არავინაა გუნდზე ძლიერი და არავინაა გუნდზე მაღლა.
თუ შეკრული და ძლიერი გუნდი გყავს, ვინც არ უნდა ეცადოს ყველაფრის გაფუჭებას და რაც არ უნდა აკეთოს, შენ მაინც დაიმსახურებ გუნდის პატივისცემას და გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის უკეთეს შედეგებს მიაღწევ“,
– განაცხადა ფაბრეგასმა COPE-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ალონსოსთან უთანხმოებები ვინისიუსთან ერთად მბაპესაც ჰქონდა. გუნდის შიდა სამზარეულოს პრობლემები საჯაროდ ხშირად გამოდიოდა, რაც ალვარო არბელოას დანიშვნის შემდეგაც გაგრძელდა.
საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ფლორენტინო პერესი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას განიხილავს.