„ამის გამო ნერვები მეშლება“ - ბაჯო იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე
იტალიურ ფეხბურთში შექმნილ პრობლემებზე სასაუბროდ Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტმა რობერტო ბაჯო საინტერესო ნიშნით შეარჩია - ის ერთადერთი იტალიელი ფეხბურთელია, რომელსაც სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი, ახლა კი ზედიზედ სამი მუნდიალია „სკუადრა აძურას“ გარეშე ტარდება. ამ გამორჩეული სტატისტიკური მონაცემების გარდა, „ცხენისკუდას“ მეტსახელით ცნობილი მოთამაშე არასოდეს ერიდება კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას და სწორედ ამიტომ, მის ნათქვამს ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაეთანხმა.
რობერტო ბაჯო
პრობლემების მიზეზები? გამოსასწორებელი ძალიან ბევრი გვაქვს. ქუჩაში ბავშვებს ვეღარ ნახავთ, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ, სერია A-ში კი იტალიელი მოთამაშეები პრაქტიკულად აღარ არიან. ნერვები მეშლება, როდესაც ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ვინმეს ნატურალიზაციაზე იწყებენ საუბარს - ნუთუ არ არიან ადგილობრივი კადრები, რომლებიც იტალიის პირველობის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ?
უნდა შეიქმნას სამუშაო ფორმულა, რომელიც ახალგაზრდებისთვის წამახალისებელი იქნება. ტალანტები ისევ არიან, უბრალოდ მათი მოძიება, დაცვა და ხელშეწყობაა საჭირო. როდესაც პატარა იტალიელ ფეხბურთელებს ნდობას გამოუცხადებთ, ისინი მეტ გამბედაობას შეიძენენ და ჩვენ ქვეყანას გამოადგებიან.
შეგახსენებთ, რომ მარტში იტალიის ნაკრები ფლეი ოფში ბოსნიელებთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩა, რის გამოც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ, დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯანლუიჯი ბუფონმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაკავებული პოსტები მაშინვე დატოვეს.