5-მატჩიანი პაუზის შემდეგ სასტარტოში ითამაშა | სლოვანს კაშიამ უკაპიტნა
სლოვაკეთის ჩემპიონატში სლოვანის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია პოდბრეზოვასთან სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ათამაშა. მასპინძელი გუნდის, პოდბრეზოვას სასტარტოში ლუკა სილაგაძე ვიხილეთ, რომელიც შესვენებისას შეცვალეს, მეორე ტაიმი არ უთამაშია. მატჩი სლოვანმა 1:2 მოიგო.
38 წლის გურამ კაშია სლოვანის სასტარტოში 5-მატჩიანი პაუზის შემდეგ მოხვდა, გუნდის კაპიტანი იყო. მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში გურამ კაშიამ 31-დან 15 მატჩში ითამაშა, 15-დან 11-ში სასტარტოში იყო და 11-დან 6-ში გუნდს უკაპიტნა. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური რჩება. ბოლო ტურში, 16 მაისს სლოვანი მიხალოვცეს მიიღებს.
მიმდინარე კვირაში ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კაშია გუნდს დატოვებს: „გურამ კაშია და კევინ ვიმერი ამ სეზონის ბოლოს დაგვემშვიდობებიან. შესაბამისად, გუნდს ახალი ცენტრალური მცველის ყიდვა დასჭირდება“.
სლოვაკეთის ელიტარული ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში სლოვანი პირველზეა, ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. კაშია სლოვანში მეხუთე სეზონს ატარებს, ქვეყნის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
შეგახსენებთ, გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს. 2 ივნისს, რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს და ეს მატჩი მის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი იქნება.