ღუდუშაურის ეფექტური დარტყმით - იბერიამ გორში დილა დაამარცხა
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივი „დილა“ მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ როგორც საშემსრულებლო ოსტატობით, ასევე ტერიტორიული უპირატესობით სტუმრები მასპინძლებს აღემატებოდნენ და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ერთადერთი ბურთი პირველი ტაიმის ბოლოს პაატა ღუდუშაურმა ეფექტური დარტყმით გაიტანა და ადგილობრივი გულშემატკივრების პატივისცემის გამო არ აღნიშნა. მოგეხსენებათ, „დინამო ბათუმსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლამდე ის „დილას“ ღირსებას იცავდა. მეორე ნახევარში სტუმრებს სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა ნიკოლოზ დადიანის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი გიორგი ჯინჯოლავას დავით კერესელიძემ აუღო.
ცნობისათვის, 11 ტურში დაგროვებული 23 ქულით „იბერია“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო „დილა“ 16 ქულით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში „იბერიელები“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებენ, ხოლო გორელები სტუმრად ტყიბულის „მეშახტეს“ შეხვდებიან.