შეხვედრა შედგა - პერესმა და მოურინიომ პირადად ისაუბრეს
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ალვარო არბელოა რეალის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.
ესპანურ მედიაში ორი კანდიდატი განიხილება. საუბარი ძირითადად ჟოზე მოურინიოზე და იურგენ კლოპზეა, თუმცა ამ უკანასკნელთან მოლაპარაკება ვერ ხერხდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა Mundo Deportivo უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პერესი და მოურინიო ერთმანეთს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდნენ, რომელიც 1 საათი გაგრძელდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტი, თუმცა ის განხილვაში აქტიურად არ ჩართულა და დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
როგორც გაირკვა, „განსაკუთრებულმა“ მადრიდულ კლუბში დაბრუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობისთვის საბოლოო თანხმობა ჯერ არ მიუცია. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და გარკვეული საკითხები კვლავ შესათანხმებელია.
გამოცდილმა მწვრთნელმა რამდენიმე პირობა წამოაყენა, თუმცა მათი დეტალები ამ ეტაპზე საჯაროდ არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოთხოვნები ფინანსურ ნაწილს არ უკავშირდება. საუბარია გუნდის სპორტულ სტრუქტურაზე, სამედიცინო და საორგანიზაციო მოდელზე, ასევე დისციპლინურ საკითხებზე, რაც მიუთითებს, რომ მოურინიოს კლუბში მუშაობისთვის მკაფიო ხედვა და პირობები აქვს.
მოსალოდნელია, რომ ფლორენტინო პერესი პორტუგალიელ სპეციალისტს საბოლოო პასუხს მომავალი კვირის განმავლობაში გასცემს.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში წვრთნიდა და ამ პერიოდში კლუბთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა გუნდმა აგრესიული და კონკურენტუნარიანი სტილი დაიბრუნა, რის გამოც მისი დაბრუნების თემა გულშემატკივრებში კვლავ დიდ ინტერესს იწვევს.