ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

ბუდუ: “დარჩენილ სამ მატჩშიც მაქსიმუმს გავიღებთ“

ბუნდესლიგის 31-ე ტურში ჰაიდენჰაიმმა შინ ზანქტ-პაული 2:0 დაამარცხა. მესამე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მასპინძლები დააწინაურა. კუთხურისას ვითარებაში სწრაფად გაერკვა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა თავდამსხმელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ბუდუმ?

„ეს სამი ქულა დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ გამარჯვებით დიდ შვებას ვგრძნობთ. კარგი თამაში ჩავატარეთ და დარჩენილ სამ მატჩშიც მაქსიმუმს გავიღებთ. ადრეულმა გოლმა თავდაჯერება მოგვცა. მიუნხენში მომავალი მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით!“

ცნობისთვის, ჰაიდენჰაიმმა ბოლო სამი ტურიდან 2 მოიგო, 22 ქულა დააგროვა, კვლავ ბოლო ადგილზეა, სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მე-16 ადგილზე მყოფ ზანქტ-პაულის 4 ქულით ჩამორჩება.

თუ ჰაიდენჰაიმი მე-16 ადგილზე გავა, მეორე ბუნდესლაში მესამე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს. ბუდუს გუნდი მომდევნო ტურში, 2 მაისს ბაიერნს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძემ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მე-9 ტურში აინტრახტს შეუგდო, შემდეგ 8-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, რომელიც 29-ე ტურში ბერლინის უნიონთან ბრწყინვალე გოლით დაასრულა, 30-ე ტურში ფრაიბურგს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

აღნიშნულ ორ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ცვლილებაზე გამოვიდა. ზედიზედ ორ შეხვედრაში შედეგიანი იყო და ფრანკ შმიდტის გადაწყვეტილება, ბუდუს სასტარტო 11-ში დაბრუნების თაობაზე, მოსალოდნელი იყო. ქართველმა თავდამსხმელმა ეს შანსიც გამოიყენა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. შმიდტმა დღეს ზივზივაძე მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე შეცვალა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 32 წლის ქართველმა ფორვარდმა 17 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი თამაში დაუფასდა - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა
კარგი თამაში დაუფასდა - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა