ახალი ფორმატი ევროს საკვალიფიკაციო ეტაპზე?  | რა ცვლილებზე მიდის მსჯელობა
Aa
Aa

ახალი ფორმატი ევროს საკვალიფიკაციო ეტაპზე? | რა ცვლილებზე მიდის მსჯელობა

The Guardian-ის ინფორმაციით, შესაძლებელია, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი შეიცვალოს. ცვლილებები, სავარაუდოდ, 2028 წლის ევროპირველობის შემდეგ დაინერგება და არის შანსი, უეფას ერთა ლიგის მსგავსი ფორმატი ვიხილოთ.

The Guardian-ის მიხედვით, მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს და ყველაზე რეალური შანსი ერთა ლიგის მოდიფიცირებულ ვერსიას აქვს. სამშაბათს, უეფას კომიტეტს ეს გეგმები უკვე წარედგინა. ისინი მათ ცალკეულ საფეხბურთო ასოციაციებთან განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო თვეში ჩანიშნული ევროპა ლიგის ფინალის წინ იქნება მიღებული.

ცვლილებების დანერგვის იდეა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ამჟამინდელი ფორმატი ნაკლებად საინტერესოა როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე სატელევიზიო უფლებების მფლობელი კომპანიებისთვის. მას შემდეგ, რაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა, ძლიერი ნაკრებებისთვის კვალიფიკაცია ფაქტობრივად ფორმალობად იქცა. ამ საკითხზე უეფაში სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც რამდენიმე თვეა მუშაობს, თუმცა კონსენსუსის მიღწევა მარტივი არ იქნება.

ერთ-ერთ ვარიანტად შვეიცარიული სისტემა განიხილება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოქმედებს. პრობლემა ისაა, რომ ეს მოდელი სამაუწყებლო კომპანიებს დიდად არ მოსწონთ, რადგან შესაძლოა, კვლავ არათანაბარი გუნდების მატჩები ვიხილოთ. შესაბამისად, წამყვანი პოზიცია ერთა ლიგის ტიპის მოდელს უკავია.

ეს ფორმატი უკვე გამოიყენება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ნაკრებები, რეიტინგის მიხედვით, სამ ლიგაში (1-16 A ლიგაში, 17-32 B ლიგაში, 33-53 C ლიგაში) ნაწილდებიან, შემდეგ კი თითოეულ ლიგაში ოთხგუნდიანი ჯგუფები იქმნება. A ლიგის გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გადიან, დანარჩენები კი გაფართოებულ პლეიოფში იღებენ მონაწილეობას.

მაგალითად, ქალთა საკვალიფიკაციო ეტაპზე A ლიგიდან საგზური ოთხმა ნაკრებმა მოიპოვა. გაფართოებულ პლეიოფში მონაწილეობენ: A ლიგაში მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები; B ლიგაში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები; C ლიგის პირველ ადგილზე გასული გუნდები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი. სულ 32 გუნდი, რომლებიც 8 საგზურისთვის იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ A ლიგის ჯგუფების ბოლოადგილოსნები B ლიგაში ვარდებიან, მაგრამ პლეიოფს მაინც თამაშობენ. B ლიგის ორი ყველაზე ცუდი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი C ლიგაში ვარდება, მაგრამ პლეიოფში მაინც თამაშობს.

ცვლილების საკითხი ამ კვირაში აქტიურად განიხილება. მიმდინარეობს მოქმედი სისტემის შენარჩუნებაზეც საუბარი, თუმცა განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინგლისი, ეს ვარიანტი ნაკლებად მოსწონთ — მათ 2009 წლის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ ერთხელ წააგეს და მიაჩნიათ, რომ არსებული ფორმატი უკვე მოძველდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისმა იმიტომ გაყიდა, რომ გუნდის დასუსტება არ სურდა“ - მელუზო კვარას ტრანსფერზე
„დე ლაურენტისმა იმიტომ გაყიდა, რომ გუნდის დასუსტება არ სურდა“ - მელუზო კვარას ტრანსფერზე