რებროვი გაათავისუფლეს - უკრაინის ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა
უკრაინის ნაკრებმა, რომელიც ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქე იქნება, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სერგეი რებროვი გაათავისუფლა.
51 წლის სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, როცა პლეიოფში შვედეთთან 1:3 დამარცხდა.
„მადლობას ვუხდი გუნდსა და გულშემატკივრებს იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. ეს იყო რთული გზა, გამარჯვებებითა და მარცხებით, მაგრამ უკრაინელი ხალხი ყოველთვის ნაკრების გვერდით იდგა. ერთიანობის ამ მომენტებს არასოდეს დავივიწყებ“, - განაცხადა რებროვმა.
ყოფილ მთავარ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეი შევჩენკომ. მისი განცხადებით, ახლა წინსვლისა და ახალი გადაწყვეტილებების მიღების დროა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს ანდრეა მალდერას, რომელიც შევჩენკოს მწვრთნელობისას მისი თანაშემწე იყო, თუმცა იტალიელმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ამის შემდეგ კანდიდატების სიაში არც ერთი უცხოელი სპეციალისტი აღარ დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელი ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას 28 სექტემბერს და 17 ნოემბერს შეხვდება. ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ჩვენი ნაკრების კიდევ ორი მეტოქე ჩრდ. ირლანდია და უნგრეთი იქნებიან.