90-იანების ნეიმარი, რომელიც ლეგენდა უნდა გამხდარიყო — დენერის ტრაგიკულად შეწყვეტილი გზა
Aa Aa

90-იანების ნეიმარი, რომელიც ლეგენდა უნდა გამხდარიყო — დენერის ტრაგიკულად შეწყვეტილი გზა

დენერ აუგუსტო დე სოუზა მხოლოდ 23 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ამომავალი მსოფლიო ვარსკვლავის ტრაგედიის მიზეზი ბანალური ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. მას „შტუტგარტთან“ კონტრაქტი ახალი გაფორმებული ჰქონდა, თუმცა სიკვდილმა სხვანაირად გადაწყვიტა.

ბრაზილიელი გულშემატკივრები ამ მოთამაშეს არასოდეს დაივიწყებენ. მისი გარდაცვალებიდან ორი ათწლეულის შემდეგ, ის თითქოს ნეიმარის სახით რეინკარნირდა.

დენერი

დენერმა მხოლოდ 23 წელი იცოცხლა და მისი ცხოვრების გზა ტიპური ბრაზილიელი ფეხბურთელის ბედს ჰგავდა. დედამისი, რომელიც შვილებს უმამოდ, მარტო ზრდიდა, იხსენებდა, რომ სანამ პატარა დენერი სიარულს ისწავლიდა, მანამდე ბურთთან ჩახუტებული კოტრიალი შეუყვარდა.

ის 1971 წელს ვილა-ედეში, სან-პაულუს ჩრდილოეთ ზონის პერიფერიულ რაიონში დაიბადა. დედამ მას სახელი ცნობილი დიზაინერის, დენერ პამპლონას პატივსაცემად დაარქვა, რომელიც 1978 წელს გარდაიცვალა და ბრაზილიური მოდის ერთ-ერთ პიონერად ითვლებოდა.

მთელი ოჯახი ამ სახელის წინააღმდეგი იყო — მიაჩნდათ, რომ ბიჭისთვის არ იყო შესაფერისი იმ დიზაინერის სახელის ტარება, რომელსაც „არატრადიციული მიდრეკილებების“ მქონე ნაზ მამაკაცად აღიქვამდნენ.

„მაგრამ მე დენერის, ნომერ პირველი მოდის მიმდევრის ფანი ვიყავი. ის ჩვენ თვალისმომჭრელ ცხოვრებას გვიჩვენებდა. როცა ეს სახელი წარმოვთქვი, სახლში ყველამ სიცილი დაიწყო. თუმცა მე დავიჟინე და ვთქვი: ის იქნება დენერ აუგუსტო, რომელიც დაიმსახურებს პატივისცემას, დიდებას და გახდება გმირი, როგორც იმპერატორი ავგუსტუსი! მხოლოდ ამის შემდეგ დამეთანხმნენ“, — იხსენებს დედამისი.

მან თავისი ფუტსალის მწვრთნელების გაოცება იმავე უნარებით დაიწყო, რამაც მოგვიანებით ის მოედანზე უნიკალურ მოთამაშედ აქცია: დენერი სისწრაფესა და საოცარ კოორდინაციას აერთიანებდა — ბურთის ნამდვილი ჟონგლიორი იყო.

„პორტუგეზაში“ დენერმა თერთმეტი წელი გაატარა და ფაქტობრივად, ეს მისი პირველი და ერთადერთი გუნდი იყო, რადგან კლუბმა ის საბოლოოდ არავის მიჰყიდა. თუმცა, იმ დროისთვის ბრაზილიურ ფეხბურთში მიღებული პრაქტიკით, ის ორჯერ გაუშვეს იჯარით — „ოქროს ფასად“ — ჯერ პორტუ-ალეგრის „გრემიოში“, შემდეგ კი „ვასკოში“.

ეს ყველაფერი ხუთ წელზე ნაკლებ დროში, 1989-დან 1994 წლამდე მოხდა. სწორედ მაშინ, როცა ის ევროპაში გადასასვლელად ემზადებოდა, სიკვდილს შეხვდა. თუმცა, მისი კარიერა იმდენად სტაბილური და კაშკაშა გამოდგა, რომ ბრაზილიის ყველა კუთხეში დაიმახსოვრეს, როგორც განუმეორებელი არტისტი. ათწლეულების შემდეგ მან რეინკარნაცია ჰპოვა სხვა, უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ ვარსკვლავში: დენერი იყო 90-იანების ნეიმარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეიმარი გახდა ის, ვინც დენერი უნდა ყოფილიყო, იმ საბედისწერო ხეს რომ არ შეჯახებოდა.

 825

როგორც ცნობილია, „კოპინია“ აერთიანებს 20 წლამდე ასაკის გუნდებს ათობით ბრაზილიური კლუბიდან. 1969 წლიდან, ეს ტურნირი ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტების მთავარი „ვიტრინაა“.

1991 წელს „პორტუგეზამ“ თავისი პირველი სან-პაულუს თასი სწორედ იმ პატარა ბიჭის წყალობით მოიგო, რომელსაც შორტები ჭიპამდე ჰქონდა აწეული, რომ მაისური შიგნით კარგად ჩაეტანებინა. მის ზურგზე მაშინ ჯერ კიდევ არ ეწერა 10-იანი, მაგრამ იმ ტურნირის შემდეგ დენერმა ვარსკვლავად გაიღვიძა.

ამ ტურნირზევე გამოიკვეთა მისი მთავარი მახასიათებლები: სისწრაფე, ბურთის ტარების სიმსუბუქე, ქირურგიული სიზუსტის პასები და საოცარი სიმშვიდე მეკარესთან პირისპირ.

გარინჩას მსგავსი მოთამაშეებისგან განსხვავებით, დენერი უფრო სწრაფი ჩანდა და უკეთ დარბოდა. გზად ის მეტოქეებს იოლად იტოვებდა ზურგს უკან და მაშინაც კი, როცა ჩანდა, რომ ბურთი დაეკარგა, ის მაინც მის ფეხებთან ბრუნდებოდა —  ეს ძალიან ჰგავდა იმას, რაც ნეიმარმა 2008 წლის ტურნირზე აჩვენა.

დენერი

თუმცა, დენერისგან განსხვავებით, ნეიმარი მაშინ „კოპინიას“ ვარსკვლავი ვერ გახდა, რადგან მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო და პერსპექტიულ სათადარიგოდ ითვლებოდა. დენერმა კი პირიქით ქნა: ის უკვე წელიწადნახევარი იყო ძირითად გუნდში, მაგრამ საკმარისად გამოცდილი აღმოჩნდა იუნიორებში სათამაშოდ.

 „პორტუგეზაში“ მისი დებიუტი ანტონიო ლოპესის ხელმძღვანელობით შედგა. ცნობილმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა დაინახა 1.68 მ სიმაღლისა და 60 კგ წონის ნახევარმცველი, რომელიც ფუტსალის გუნდში თამაშს ამჯობინებდა, რადგან იქ მეტს უხდიდნენ — მას ოჯახი ჰყავდა სარჩენი.

ანტონიო ლოპესი იხსენებს:

„ერთმა მწვრთნელმა მთხოვა, ის ძირითად გუნდში გამესინჯა. მოვიდა ვარჯიშის დღე. დამხმარეს ვუთხარი, მისთვის სათამაშო ფორმა მიეცა, მაგრამ ის განზე იდგა და მე ვერც კი შევამჩნიე. ბოლოს და ბოლოს, დავიყოლიე გუნდს შეერთებოდა. პირველივე შეხებაზე მან ბურთი ჩვენს ძირითად ცენტრალურ მცველს ფეხებს შორის გაუძვრინა. მეორე შეხებაზე კი ორივე ფეხით აწეული ბურთით გაიქცა. არ მჯეროდა, რასაც ვხედავდი: წიწილასავით გამხდარი იყო, წვრილი ფეხებით, მაგრამ მან ყველაფერი შეცვალა. მაშინვე პრეზიდენტს ველაპარაკე, რომ დენერი კლუბში დაეტოვებინა და კარგი ხელფასი მიეცა — ბევრად მეტი, ვიდრე ფუტსალში ჰქონდა“.

დენერის დებიუტი „პორტუგეზაში“ 1989 წლის სექტემბერში შედგა. მან რობერტო დინამიტი შეცვალა, რომელიც კარიერის მიწურულს ამ მოკრძალებულ კლუბში თამაშობდა. ლოპესი იხსენებს, რომ „ვასკოსა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ლეგენდამ მას მოგვიანებით უთხრა: „ეს ბიჭი მართლა 18 წლისაა? მგონია, რომ გამოცდილებით ორჯერ უფროსია“.

როგორც ნებისმიერი ნაადრევად განვითარებული ვარსკვლავი, დენერი მოედანზე საოცარი თავდაჭერილობით გამოირჩეოდა. თუმცა, შინაგანად სულ სხვა რამ ხდებოდა. ადამიანი, რომელიც მას ყველაზე კარგად იცნობდა, ტიკო იყო. ისინი ბავშვობიდან, ერთ ოთახში ცხოვრობდნენ კლუბის ბაზაზე. ტიკო იყო ის, ვინც მასთან ერთად იცინოდა და ტიროდა, და ვინც დღემდე მეგობრობს დენერის ქვრივთან და სამ შვილთან.

„დენერზე სუბიექტურად ვსაუბრობ, რადგან ზედმეტად მიყვარდა. მას ძალიან კეთილი გული ჰქონდა — როგორც კი ფულის შოვნა დაიწყო, სულ ბავშვებს ურიგებდა იმას, რაც გააჩნდა. მაგრამ ამავდროულად მეამბოხე და გენია იყო. ჩემი აზრით, მას მამის ფიგურა აკლდა. დენერი ობოლი არ ყოფილა, მამამისი სადღაც არსებობდა, მაგრამ არასდროს ჩნდებოდა. მან ის მხოლოდ ბავშვობაში ნახა და მას შემდეგ — აღარასდროს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყო დენერი ერთი შეხედვით ბედნიერი ბიჭი, რომელსაც სევდიანი შინაგანი სამყარო ჰქონდა. ეს სევდა კი ამბოხის ფორმით გამოიხატებოდა“, — აღიარებს ტიკო.

სწორედ ამან შეუქმნა მას უდისციპლინო ბიჭის რეპუტაცია, რომელიც ყოველთვის იქ მიდიოდა, სადაც უნდოდა. მაგალითად, მას ძალიან უყვარდა სან-პაულუს ღამის ცხოვრება და ამას არავინ უარყოფს.

დენერს ზედმეტსახელად „რეიზინიო დუ კანინდე“ შეარქვეს. მან მალევე მიიპყრო „სელესაოს“ მაშინდელი მწვრთნელის, პაულო რობერტო ფალკაოს ყურადღება. ფალკაომ ის არგენტინის წინააღმდეგ გასამართ სუპერკლასიკოსთვის გამოიძახა, სადაც გუნდებმა ნამდვილი შოუ მოაწყვეს და ფრედ, 3:3 ითამაშეს.

თავად ფალკაო ასე იხსენებს მისი გამოძახების მიზეზს:

„ეს ახალი ტალანტების აღმოჩენის დრო იყო, რადგან მაშინდელი „მოსავალი“ არც ისე კარგი იყო. დენერში ბევრი დადებითი თვისება დავინახე. მას ჰქონდა პოტენციალი, შეიძლება არა 1994 წელს,  მაგრამ 1998-ში აუცილებლად, ხოლო 2002 წლისთვის უკვე უდიდესი პოტენციალის მქონე ვარსკვლავი იქნებოდა“.

დენერმა ყვითელი მაისურით კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა 1991 წელს, რის შემდეგაც ის ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ.

დენერი

1993 წელს. დენერს კანინდეს დატოვება და პორტუ-ალეგრიში გადასვლა მოუწია. მას მომთხოვნი კლუბი და გულშემატკივარი ელოდა, თუმცა მან ისინი მომენტალურად მოხიბლა და „გრემიოს“ გაუშუს ტიტული მოაპოვებინა.

ტრანსფერზე მოლაპარაკებები თითქმის იმდენივე ხანს გაგრძელდა, რამდენიც დენერის ყოფნა პორტუ-ალეგრიში.

საბოლოოდ, „გრემიომ“ ფეხბურთელი „ესპორტივოსთან“ 7:0 გამარჯვებისას წარადგინა. მაშინდელი ცნობებით, იჯარის ღირებულება 200 000 დოლარი იყო, ხოლო ნახევარმცველის ხელფასი — თვეში 8-დან 12 ათას დოლარამდე.

დენერის ნამდვილი დებიუტი „გრემიოში“, ბრაზილიის თასის ნახევარფინალში, „ფლამენგოს“ წინააღმდეგ, ლეგენდარულ „მარაკანაზე“ შედგა. მიუხედავად გუნდის მარცხისა, პრესა მისი თამაშით აღფრთოვანებული დარჩა. საერთო ჯამში, ლუის ფელიპე სკოლარის გუნდში დენერმა 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

მოპოვებული ტიტულით ის „პორტუგეზაში“ დაბრუნდა, რათა წლის მეორე ნახევარში ბრაზილიის ჩემპიონატშიეთამაშა. ეს იყო დენერის ხანმოკლე კარიერის ყველაზე მოწიფული და ბრწყინვალე პერიოდი. სწორედ მაშინ გაიტანა მან თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი „სანტოსის“ კარში.

დენერის ცხოვრება იმ მომენტისთვის თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდებოდა. მას უკვე სამი შვილი ჰყავდა, ხოლო საბანკო ანგარიშზე ნულები იზრდებოდა. მშობლიური კლუბი, „პორტუგეზა“, გამუდმებით ფიქრობდა — სად გაეშვა დენერი იჯარით უფრო სარფიანად? 1993 წლის ბოლოს, ის „ვასკო და გამაში“ გადავიდა 6-თვიანი იჯარით, რაც კლუბს 600 000 დოლარი დაუჯდა.

დენერი რიო-დე-ჟანეიროში დაიღუპა, როდესაც ის სან-პაულუდან მანქანით ბრუნდებოდა და მგზავრის სავარძელში ეძინა. მას დანიშნულების ადგილამდე სულ რაღაც თხუთმეტი წუთი რჩებოდა, ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებამდე კი — რამდენიმე კვირა.

ეს მოხდა 1994 წლის 19 აპრილს, როცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის „სელესაოს“ შემადგენლობის გამოცხადებამდე ერთ თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი.

დენერი

გაზიარება: