35-ე ვერცხლის სინი - ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია
გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებულის ვინაობა გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ოფიციალურად გაირკვა. „ბაიერნმა“ საკუთარ სტადიონზე “შტუტგარტი“ 4:2 დაამარცხა და „დორტმუნდთან“ ქულათა სხვაობა 15-მდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ყვითლები“ რეკორდმაისტერის დაწევას ვეღარ შეძლებენ. მასპინძლების რიგებში თითო გოლი რაფაელ გერეიროს, ნიკლას ჯექსონის, ალფონსო დევისისა და ჰარი კეინის ანგარიშზეა, ლუის დიასმა კი ორი ასისტი მიითვალა.
მიუნხენელთა 40 წლის ბელგიელი დამრიგებლისთვის ვენსან კომპანისთვის სამწვრთნელო კარიერაში ეს რიგით მესამე ტიტული იყო და სამივე „ბაიერნში“ მუშაობისას მოიპოვა - შარშან ის ქვეყნის ჩემპიონი და გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. უშუალოდ „რეკორდმაისტერმა“ კი ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში 35-ედ, ხოლო ბოლო 14 წელიწადში მეცამეტედ მოიგო.
ცნობისათვის, გერმანიის საჩემპიონო ტიტულების რაოდენობით „ბაიერნი“ (35) მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „ნიურნბერგსა“ (9) და „დორტმუნდს“ (8) კოლოსალური სხვაობით უსწრებს.