ზედიზედ მეორე მატჩში - ზივზივაძის ბრწყინვალე გოლი
ბუდუ ზივზივაძე ოპტიმალურ ფორმაში შედის, რაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უდავოდ სასიხარულო ამბავია. საქართველოს ნაკრებისა და „ჰაიდენჰაიმის“ 32 წლის ფორვარდმა გოლი გერმანიის ბუნდესლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, თუმცა ეს მისი გუნდისთვის დიდი შვება ნამდვილად ვერ იქნება, რადგან ჰაიდენჰაიმელები სტუმრად „ფრაიბურგთან“ 1:2 დამარცხდნენ.
ზივზივაძე თადარიგში იყო, მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა და გამოსვლიდან ზუსტად 11 წუთში გამოიჩინა თავი. ბუდუმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და დარტყმა იმდენად ეფექტური გამოუვიდა, რომ ფრაიბურგელთა მეკარეს საკუთარი გუნდის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა.
„ჰაიდენჰაიმის“ ქართველმა ლეგიონერმა ათბალიანი სისტემით 7.6 მეათედი შეფასება მიიღო, რითაც თანაგუნდელებს შორის საუკეთესო გახლდათ. პასები 75-პროცენტიანი (16-დან 12) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 24-ჯერ შეეხო და სამი საჰაერო ორთაბრძოლიდან ერთი მოიგო.
ცნობისათვის, 30 ტურში დაგროვებული 19 ქულით „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში ბუდუ ზივზივაძე და მისი თანაგუნდელები 25 აპრილს, საკუთარ სტადიონზე „ზანკტ პაულს“ შეხვდებიან და თამაში თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება.