ორი საოცარი მოგერიება | Marca-ს სტატია და მამარდაშვილის კომენტარი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სტუმრად ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ორი გაშვებული გოლის მიუხედავად, „მამარდას“ კარგი თამაში ჰქონდა და ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ ეს უყურადღებოდ არ დატოვა.
„ჩემპიონთა ლიგაზე მეკარეების კვირა იყო და დავიდ რაია და მანუელ ნოიერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს. მართალია, ლივერპული წაგებას ვერ გადაარჩინა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმაც კარგად ითამაშა.
ვალენსიას ყოფილმა ფეხბურთელმა ტრავმირებული ალისონი ჩაანაცვლა და ოთხი ბურთი მოიგერია, რომელთაგან ორი საოცარი სეივი იყო. ქართველმა მეკარემ გაიბრწყინა და 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა აიღო, რომელიც ალექსის მაკ ალისტერს მოხვდა. შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილ დეზირე დუეს აჯობა და აშრაფ ჰაკიმის დარტყმაც მოიგერია.
„რამდენიმე სეივი მქონდა, მაგრამ ორი გოლი გავუშვით... ენფილდზე სათამაშო გვაქვს და იმედია, რაღაც გამოგვივა. მიხარია, თუ ჩემი მოგერიებები გუნდს დაეხმარა“, — განაცხადა მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა.
ლივერპულის მეკარე გოლების ეპიზოდებში პრაქტიკულად ვერაფერს იზამდა. პირველი ბურთი რიკოშეტის შემდეგ გაუშვა, კვარაცხელიამ კი თანამემამულეს აჯობა და ცარიელ კარში გაიტანა. მატჩის შემდეგ ხვიჩამ გიორგის წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში მან საოცარი ბურთი აიღო.
უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, მამარდაშვილთან დაკავშირებით, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ „პარკ დე პრენსზე“ პრაქტიკულად მარტო იყო,“ — წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს გაიმართება. მატჩს „ენფილდი“ უმასპინძლებს და თამაში თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.