კეინის მდგომარეობა | ითამაშებს თუ არა ინგლისელი რეალთან
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნი“ „რეალს“ ხვდება. ამ გუნდების პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება და ახლახან „რეკორდმაისტერის“ გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა წინასამატჩო ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ნაწილობრივ მიიღო. ინგლისელმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის დროს ტრავმა მიიღო და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, კეინმა გასულ უქმეებზე ინდივიდუალურად ივარჯიშა. „ბაიერნი“ ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა სიფრთხილეს იჩენს. დაიწყებს თუ არა კეინი ძირითად შემადგენლობაში — ეს გადაწყვეტილება შეხვედრის დაწყებამდე იქნება მიღებული. „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, მაქსი ებერლმა, განაცხადა, რომ გუნდს სჯერა, ყველაფერი სწორედ ასე მოხდება და ჰარის მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილავთ.
ცნობისთვის, კეინს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩი აქვს გამართული და 31 გოლი გაიტანა. ჰარიმ ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო. ყველა ტურნირზე ერთად მას 48 გოლი აქვს გატანილი.