„სრულყოფილი გუნდი, ბევრი იარაღით“ | არბელოამ ბაიერნზე ისაუბრა
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მისი გუნდის მეტოქე „ბაიერნი“ გახლავთ და არბელოამ „რეკორდმაისტერზე“ ისაუბრა.
ბაიერნზე
„ბაიერნი კარგად გაწვრთნილი გუნდია, რომლის იდენტობა და სათამაშო სტილი მაშინვე თვალშისაცემია. დაცვაში ძალიან აგრესიულები არიან და ყველა ფეხბურთელი ვალდებულია უკან დაბრუნდეს, რასაც ძალიან კარგად აკეთებენ. როდესაც ბურთი აქვთ, მომენტებს ფლანგებიდან, უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელების დახმარებით ქმნიან.
ბაიერნი სრულყოფილი გუნდია, რომელსაც ბევრი იარაღი აქვს. დაცვაში ბოლომდე იბრძვიან და კომპანი საქებარ სიტყვებს იმსახურებს, რადგან ბაიერნში ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს. ტოპ კლუბების წინააღმდეგ რეალი გამოწვევას ყოველთვის უმკლავდება. ბაიერნს საოცარი სეზონი აქვს. ვიცით, მოედანზე რის გაკეთება შეუძლიათ და ვფიქრობ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კიდევ ერთი საოცარი ჩემპიონთა ლიგური საღამო გაიმართება. ორმატჩიანი დუელის მოგების გარდა არაფერზე ვფიქრობთ. ვხვდები, რომ ყველა სცენარი უნდა წარმოიდგინო, მაგრამ ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს: ბაიერნის დამარცხება.“
მბაპესა და ბელინგემის დაბრუნებაზე
„აშკარაა, რომ მბაპეს ბრაჰიმისგან განსხვავებული ხარისხი აქვს და სწორედ ამიტომ მასთან ერთად სხვანაირად ვთამაშობთ. მოხარული ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ. მბაპე აქ იმიტომაა, რომ ასეთ მატჩებში მიიღოს მონაწილეობა. მოხარული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელის იმედი შემიძლია მქონდეს და 10-კაციანი ან 11-კაციანი გუნდი არ მყავს.
ფეხბურთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა, ყველა ფაზაში ბევრი რამ მაღალ დონეზე გააკეთო. თუ გინდა, რომ საოცარი გუნდი იყო, ერთიანობა უნდა გქონდეს და ერთ მუშტად შეკრული მენტალიტეტით გამოირჩეოდე. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ. ჩვენი ტალანტი გუნდის მიზნებს უნდა მოვახმაროთ.“
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბაიერნის“ პირველი შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.