ემილიანო სალას ტრაგედია | კარდიფი ნანტისგან 110 მილიონს ვერ მიიღებს
2019 წლის 21 იანვარს, ემილიანო სალა ტრაგიკულად დაიღუპა. არგენტინელი ფეხბურთელი ნანტიდან კარდიფში მიემგზავრებოდა, რა დროსაც ავიაკატასტროფაში მოყვა. სალას ტრაგედიიდან დიდი დროა გასული, თუმცა „ნანტსა“ და „კარდიფს“ შორის სასამართლო დავა ჯერ კიდევ გრძელდება.
„კარდიფმა“ სალა 2019 წლის იანვარში შეიძინა და ტრაგედიის შემდეგ „ნანტისგან“ 110 მილიონი ევრო მოითხოვა. უელსელთა სარჩელის მიხედვით, მომხდარმა ამბავმა „კარდიფის“ პრემიერ ლიგიდან გავარდნაზე იქონია გავლენა, რის გამოც კლუბმა დიდი თანხა დაკარგა. ამასთან, ინგლისში გადასვლის შემდეგ არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება გაიზრდებოდა და ამ პოტენციური დანაკარგის ანაზღაურებას კლუბი „ნანტისგან“ ითხოვდა.
ნანტის კომერციულმა სასამართლომ „კარდიფის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიღებული მასალების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ საბედისწერო ავიარეისი „ნანტის“ ორგანიზებული არ ყოფილა.
სასამართლოს მიხედვით, „კარდიფს“, „ნანტისგან“ განსხვავებით, არანაირი ზარალი არ მიუღია. უფრო მეტიც, უელსურ კლუბს ფრანგულისთვის 480 000 ევროს გადახდა დაეკისრა და გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. RMC Sport-ის მიხედვით, პროცესს ემილიანოს დედა, მერსედეს ტაფარელიც ესწრებოდა.
ცნობისთვის, თვითმფრინავი, რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა, 21 იანვარს გაუჩინარდა. არგენტინელი ფეხბურთელისა და პილოტის, დევიდ იბოტსონის პოვნას მაშველები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ. ორკვირიანი, უწყვეტი ძებნის შემდეგ ტრაგედია დადასტურდა — ლა მანშის სრუტეში თვითმფრინავის ნაწილები და ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს.