ბოლო ფაზაში ბევრი პრობლემა გვაქვს | სვანაძე ნაკრებისგან მეტს ელოდა
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ქუთაისში ლატვიელ თანატოლებს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა — მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.
„სიმართლე გითხრათ, პრობლემების მიუხედავად მეტს ველოდი. პირველი ტაიმიდან გამომდინარე, რაც დაგეგმილი იყო, სრულდებოდა. უბრალოდ, დამამთავრებელ ფაზაში ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა. ასევე, პრობლემები გვქონდა მეტოქის კონტრშეტევებისას. ბევრი ვიმუშავეთ, რომ სწრაფი შეტევა არ მიგვეღო.
ლატვიის ნაკრებს ახალი არაფერი შემოუთავაზებია. ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. პლუს, ძალიან დისციპლინირებული გუნდია. თქვენც დააკვირდებოდით, თითქმის ყველა გადმოსვლა კარში დარტყმით დაასრულეს. ვიცოდით, რომ ნაკლები სივრცეები გვექნებოდა. ნაკლები სივრცეების მიუხედავად, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ერთი მომენტის რეალიზების შემთხვევაში სხვა შინაარსის თამაშს მივიღებდით, თუმცა თავიდანვე აღვნიშნე, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში გვიჭირს.
მეორე ტაიმში კაცნაკლულები ვიყავით, თუმცა ამის მიუხედავად, თამაში ჩვენი სცენარით მიდიოდა. მივიღეთ გოლი იქიდან, საიდანაც მეტი საფრთხე იყო და საიდანაც ყველაზე მეტს ვემზადებოდით. ევროპის ჩემპიონატზე წასვლის შანსი ნაკლებია, დღევანდელი მატჩის შემდეგ ეს შანსი თითქმის აღარ გვაქვს, თუმცა 21-წლამდე ნაკრებს აქვს კიდევ ერთი დანიშნულება. ეს არის იმ ფეხბურთელების წამოწევა, ვინც უფრო ახლოსაა ეროვნულ ნაკრებთან, ვის რა პოტენციალი აქვს.
იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსები, ვისაც შემდეგ ციკლში თამაში უწევთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძირითადი ბირთვი შეიცვლება. ძირითადი ბირთვი არ შეიცვლება. ეს ფეხბურთელები, მიუხედავად თავიანთი ასაკისა, აქ ყოფნას იმსახურებდნენ, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ თამაშობენ კლუბებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთელები კლუბებში როგორ ითამაშებენ.“
6 ტურის შემდეგ საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 6 ქულით მეოთხე ადგილზეა. პირველზე 18 ქულით საბერძნეთია, მეორეზე კი 12 ქულით გერმანია. მომდევნო ტურში 31 მარტს სვანაძის გუნდი ქუთაისში მალტას დაუპირისპირდება.