მოლაპარაკებები ფიფასთან | ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს?
ირანის საფეხბურთო ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს. ირანის ფეხბურთის ფედერაცია FIFA-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია დათმობებზე დაიყოლიოს.
ირანის ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ახალი ზელანდია, ბელგია და ეგვიპტე არიან. სამივე შეხვედრა აშშ-ში უნდა გაიმართოს, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის განვითარებული მოვლენების გამო, ირანელთა მონაწილეობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
Al Jazeera-ს ინფორმაციით, ირანის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, საერთაშორისო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ადგილმდებარეობის შეცვლაზე დაიყოლიოს. ტურნირს სამი მასპინძელი ჰყავს და ირანელებს სურთ, მათი შეხვედრები მექსიკაში გაიმართოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ირანი პირველი აზიური ნაკრები იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ირანის მუნდიალზე ჩასვლა და აშშ-ში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის.