გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

ოქროს ასოებით ტენერიფეს ისტორიაში - შერმადინის საოცარი მიღწევა

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი, რომელსაც სხვა, ბევრად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად მანრესასთან 80:86 წააგო, თუმცა შერმადინმა ამ მატჩში გადააბიჯა კლუბის სარეკორდო ნიშნულს – ის გახდა ტენერიფეს ისტორიაში კალათბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აქვს ჩაგდებული.

აქამდე რეკორდი ხერმან გონსალესს ეკუთვნოდა და ის 3191 ქულას შეადგენდა. შერმადინმა ამ შედეგს მანრესასთან მატჩის ბოლო პერიოდში, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე გადააბიჯა, როცა საჯარიმო ჩააგდო. თამაშის ბოლომდე მან კიდევ 2 ქულა მიითვალა და ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე თენერიფეს მაისურით ჩაგდებული 3194 ქულაა.

რაც შეეხება მის სამატჩო მონაგარს: ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 9-დან 7 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ასე რომ, თითქმის უშეცდომო იყო შეტევაში. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ტენერიფეს ლიგა ენდესაში 12 გამარჯვებით და 9 მარცხით მერვე პოზიცია უკავია, ხოლო მომდევნო ტურში 14 მარტს, ვალენსიას საკუთარ მოედანზე შეხვდება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები