ბერუაშვილმა პენალტი მოიგერია | რუსთავმა ტორპედოს ბრაზილიელის გოლით მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის მეორე ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილმა რუსთავმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ტორპედო ქუთაისს 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი მე-7 წუთზე პრინს ოსეის გადაცემის შემდეგ ბრაზილიელმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაიტანა.
23 წლის სამხრეთამერიკელი რუსთავში გასულ სეზონშიც თამაშობდა, ძალიან შედეგიანი იყო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 16 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევებაში დიდი როლი შეასრულა.
ტორპედოს ანგარიშის გათანაბრება მე-19 წუთზე შეეძლო, რუსთავის ცენტრალურმა მცველმა ვაჟა ფაცაციამ საკუთარ საჯარიმოში ლადო მამუჩაშვილთან ორთაბრძოლისას თამაშის წესი დაარღვია, კომნენ ანდრიჩმა პენალტი დაარტყა, ბერუაშვილმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მისი შესანიშნავი რეაქციის შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარისთვის დებიუტი ბრწყინვალე იყო: გამარჯვება და მოგერიებული პენალტი.
გია ცეცაძემ ყოფილ გუნდთან გაიმარჯვა, 2021-22 წლებში ტორპედო ქუთაისის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. რუსთავისთვის ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი იყო. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით რუსთავი პროგრესირებს, რაც როგორც გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევებაში გამოიხატა, ასევე სეზონის წარმატებულ სტარტში.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ფინანსურად ყველაზე ძლიერმა ტორპედო ქუთაისმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ორივე მატჩი დათმო, შინ სპაერთან დამარცხდა (1:2), დღეს კი რუსთავთან დაკარგა ქულები. დირკ შუსტერის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო.
რუსთავის და ტორპედოს პრესსამსახურის ფოტოები