კარი კვლავ მშრალად შეინახა | გუგეშაშვილი მატჩის საუკეთესო გახდა
ბერძნულ ატრომიტოსში ახლახანს გადასულმა ლუკა გუგეშაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში ითამაშა. პანეტოლიკოსთან სადებიუტო მატჩში პენალტი მოიგერია, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. დღეს არისთან შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და ქულის მოპოვებაში მისი როლი დიდია.
არისთან დაპირისპირებაში ლუკას კარის მიმართულებით ორი პენალტი დაინიშნა, თუმცა ორივე არაზუსტად შეასრულეს, პირველი პენალტისას ბურთი კარს აცდა, მეორე დარტყმისას ბურთი ძელს მოხვდა. ასე რომ, ორ მატჩში ლუკას კარში სამი პენალტი დაინიშნა და გოლი არ გასულა.
პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქის ერთი შეტევითი ფაზისას ბურთი ორჯერ მოიგერია. ბრწყინვალე რეაქციაა აქვს, რაც ამ მომენტშიც კარგად გამოჩნდა. მეორე ტაიმშიც საიმედო და დამაჯერებელი იყო. Sofascore-მა როგორც პანეტოლიკოსთან, ასევე არისთან მატჩში, ყველაზე მაღალი შეფასება ლუკას დაუწერა. პენატოლიკოსთან - 8,4, არისთან - 8,6.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე 2025 წლის ზაფხულიდან პაოკ-ის საკუთრებაა, სეზონის პირველ ნახევარში რაზვან ლუჩესკუს გუნდში სათამაშო დრო ვერ მიიღო და ზამთარში იჯარით ატრომიტოსს შეუერთდა.