გიორბელიძის საგოლე პასი და ზედიზედ მე-12 გამარჯვება | ქართველის გუნდი ლიდერია
თურქეთის რანგით მეორე ლიგის 29-ე ტურში ერზურუმმა, რომლის ღირსებას ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე იცავს, შინ მანისა 8:1 გაანადგურა. ერზურუმმა ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო, 63 ქულით პირველზეა და ელიტაში აღზევების მთავარი კანდიდატია. ამ მომენტისთვის მეორეადგილოსან ეროქსპორს 4 ქულით უსწრებს, თუმცა ეროქსპორმა ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.
30 წლის გიორბელიძე, რომელმაც ბოლო წლებში ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაკარგა, მანისასთან 90 წუთი ითამაშა, მე-6 გოლისას საგოლე პასი შეასრულა. საინტერესოა, რომ მისი პასით იბერიას ყოფილმა ფორვარდმა, შეიკნე სილამ შეაგდო.
მიმდინარე სეზონში თურქეთის რანგით მეორე ლიგაში გიორბელიძემ 29-დან 27 მატჩში სასტარტოში ითამაშა. 27-დან 26-ში მინდორზე 90 წუთი გაატარა. რაც შეეხება გამოტოვებულ ორ მატჩს, 21-ე ტურში ამედთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა (ყვითელი ბარათები დაუგროვდა), 25-ე ტურში ადანასთან სკამზე იჯდა, მწვრთნელმა თამაშში არ ჩართო.
შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახოს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გიორბელიძის ერთ-ერთ კონკურენტს, ირაკლი აზაროვს დონეცკის შახტარში არ ათამაშებენ.