„BMF-ის ქამარს მათთან არაფერი ესაქმება“ - კონორი ჰოლოუეი-ოლივეირას ბრძოლაზე
კონორ მაკგრეგორმა მაქს ჰოლუეისა და ჩარლზ ოლივეირას მოახლოებულ ბრძოლაზე თავისი პროგნოზი გააზიარა და განაცხადა, რომ ეს დაპირისპირება არ იმსახურებს BMF (ყველაზე მაგარი ნაბიჭვარი) ტიტულს, რომელიც სასწორზე დევს.
„ჰოლუეი ოლივეირას წინააღმდეგ - ეს შესანიშნავი ბრძოლაა, რომელსაც დიდი ინტერესით ველი. ყოველთვის მიყვარს რევანშების ყურება. ამას დიდი სიმამაცე და ღირსება სჭირდება, მე კი ასეთ რამეებს ყოველთვის პატივს ვცემ.
მათ პირველ ბრძოლაში ჩანდა, თითქოს ჰოლუეიმ ჩარლზი დასაწყისშივე გატეხა, რის შემდეგაც ორთაბრძოლა შეწყდა. რთული სათქმელი იყო, ჩარლზი უკვე ტრავმირებული გამოვიდა თუ დაზიანება მეტოქის მოქმედებების შედეგად მიიღო. ვფიქრობ, კარგი ბრძოლა გველის და მგონია, რომ მსგავსი შედეგით დასრულდება. მაქსი ძალიან მოძრავია - ის ჩარლზს დარტყმებს მიაყენებს და კვლავ გატეხავს. თუმცა, ეს უკვე სხვა ჩარლზია, ასე რომ ვნახოთ.
ამავდროულად, არ მიმაჩნია, რომ BMF-ის ტიტული აქ რამე შუაშია, რადგან ორივე მებრძოლი საუნაში იტანჯება, რათა წონის ლიმიტში ჩაეტიოს. ამაში BMF-ის არაფერია. რაც შეეხება ჩემს ბრძოლას რომელიმე მათგანთან - საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული ვარ. ორივეს გავაჩერებ. მე ვარ ცუდი ადამიანი კეთილი გულით, ასე რომ, შესაძლოა, BMF-ის ქამარი ჩემს კოლექციას შევმატო. წარმატებები ტურნირზე!“
– დაწერა ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.
მაკგრეგორი ასევე შეეხო წონის კლების საკითხს ჰოლუეისა და ოლივეირას საჩემპიონო ორთაბრძოლის კონტექსტში.
„რატომ აიძულებთ ამ ბიჭებს წონის კლებას? ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. მზად ვარ გამარჯვებულს საშუალო წონაში დავუპირისპირდე! ან ქვესაშუალოში - როგორც გენებოთ. ბუმ! ჩემი მარცხენა ხელი მიზანს არ აცდენს“,
– აღნიშნა მაკგრეგორმა.
მსუბუქ წონაში მაქს ჰოლუეისა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლა UFC 326-ის მთავარი მოვლენაა, რომელიც ლას-ვეგასში ხვალ გამთენიისას შედგება.