ბოლო წუთზე გვიხსნა, მაღალი დონის მეკარეა | ჩეხეთში ხარატიშვილი შეაქეს
ჩეხეთის ჩემპიონატში პარდუბიცემ ტეპლიცესთან 1:1 ითამაშა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა იან ტროუსილმა ზედიზედ მეორე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ხარატიშვილმა ითამაშა. ერთადერთი გოლი პენალტიდან გაუშვა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე მეტოქის შემტევი ლუკასთან ერთი-ერთზე გავიდა, ქართველმა მეკარემ პოზიცია კარგად შეარჩია და ბურთი ფეხით მოიგერია (იხილეთ).
პარდუბიცეს მთავარმა მწვრთნელმა იან ტროუსილმა მატჩი შეაფასა და ლუკას კარგ თამაშს ხაზი გაუსვა: „მეორე ტაიმში ძალიან აქტიურად ვითამაშეთ. ჩანდა, რომ ბიჭებს გამარჯვების გოლის გატანა უნდოდათ. სამწუხაროდ, ასპროცენტიან მომენტებს ვერ ვიყენებთ. შემდეგ დაიწყო არეულობა, წითელი ბარათები მივიღეთ. ბოლოს შეიძლებოდა გოლიც მიგვეღო, მაგრამ ლუკამ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა, ბურთი მოიგერია, გადაგვარჩინა. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კარგი გულშემატკივრობის ფონზე სამი ქულა ვერ ავიღეთ.
ლუკა ძალიან კარგ ფორმაში იყო შემოდგომის ბოლო მატჩებში. სლოვაცკოსთან შეცდომა არ დაუშვია და ტეპლიცესთან მატჩშიც ძალიან კარგად ითამაშა''.
მთავარი მწვრთნელის გარდა ლუკას შესახებ პარდუბიცეს 19 წლის მცველმა მიკულაშ კონეჩნიმ ისაუბრა.
„ლუკა ბოლო ორ შეხვედრაში ჩაერთო და ახლა, ტეპლიცესთან მატჩში, ბოლო წუთზე გვიხსნა. ის მაღალი დონის მეკარეა,“ — შეაქო კონეჩნიმ თანაგუნდელი.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პარდუბიცემ გამოცდილი მეკარე ალეშ მანდოუსი დაიმატა, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ზამთრის პაუზის შემდეგ ახალწვეული მანდოუსი სამ მატჩში სასტარტოში იყო, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში მეკარე შეიცვალა, სლოვაცკოსთან და ტეპლიცესთან ხარატიშვილმა ითამაშა, მანდოუსი სკამზე აღმოჩნდა. ლუკა სკამზე სეზონის პირველ ნახევარშიც იჯდა, თუმცა შემდეგ პირველი მეკარე იაჰიმ სერაკი სასტარტოდან ამოაგდო და შემდეგ სერაკი სხვა კლუბში წავიდა. მოკლედ, ლუკამ ამ სეზონში კონკურენცია ორ მეკარეს მოუგო და ვიმედოვნოთ, რომ სტაბილურად თამაშს გააგრძელებს.
სასტარტოდან მეორე კონკურენტიც ამოაგდო | ხარატიშვილი საიმედო და სტაბილურია