ლიონელ მესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მესი: მექსიკასთან მატჩს შიშით შევხვდით, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო

ლიონელ მესიმ გაიხსენა, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკასთან მატჩის (2:0) წინ შიშს განიცდიდნენ, რაც საუდის არაბეთთან მარცხით (1:2) იყო გამოწვეული.

მესიმ კომენტარი გააკეთა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებასა და კატარის მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის იმ მატჩს შორის შედარებაზე, რომელშიც მან ანგარიში გახსნა.

„კატარში გაცილებით უფრო გამიჭირდა, ვიდრე 2006 წელს, რადგან წნეხი სხვანაირი იყო. რომ არ მოგვეგო, ფაქტობრივად გამოვეთიშებოდით ტურნირს. იმ მატჩზე შიშით გამოვედით, რადგან ქვეცნობიერად ვფიქრობდით იმაზე, რაც ახლახან გადავიტანეთ. გვეშინოდა წაგების და ჯგუფიდან ვერგასვლის.

გოლის შემდეგ მოვდუნდით, თავი თავისუფლად ვიგრძენით. ეს ყველასთვის გათავისუფლება იყო. საწყის წერტილს დავუბრუნდით. ჩვენი ბედი ისევ ჩვენს ხელთ იყო. სიტუაცია სრულიად შეიცვალა.

ჩვენ ეს მივიღეთ, ამაზე ვისაუბრეთ. ამ თამაშში სასწორზე ბევრი რამ იდო, მაგრამ საჭირო იყო ყველაფრის გაანალიზება, რასაც მანამდე ვაკეთებდით. საუდის არაბეთთან თამაშს ჩვენთვის არაფერი უნდა შეეცვალა, მაგრამ ქვეცნობიერი გონება ბოროტად გეთამაშება. შეგვიძლია მოვიგოთ, მაგრამ თუ წავაგებთ – ვვარდებით.

როდესაც დავინახე საჯარიმო დარტყმა, რომელიც დიბუმ (ემილიანო მარტინესმა) ისე მოიგერია, თითქოს არაფერი ყოფილიყო... იმ მომენტში ფიქრობ: „ეს რომ გოლი ყოფილიყო, ყველაფერი დამთავრდებოდა. როგორ უნდა გადაგველახა ეს?“ განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამან ჩვენ ძალიან გაგვაძლიერა, რადგან გვქონდა 500 სიტუაცია, სადაც შეგვეძლო დავცემულიყავით, მაგრამ ამას ჩვენზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მატჩი, სადაც ნიდერლანდებთან ფრე ვითამაშეთ, თამაში საფრანგეთის წინააღმდეგ. როგორც გუნდი, ძალიან ძლიერები ვიყავით. მექსიკასთან თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი იყო, სწორედ იქ გაგვიჭირდა ყველაზე მეტად“,

– თქვა მესიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები