თამაშს უყურებდა, VAR-ზე გაბრაზდა და ყვიროდა | ნაპოლის ფანი ცოლმა დაჭრა
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. „პარტენოპეის“ ერთ-ერთი გულშემატკივარი შეხვედრას საკუთარ სახლში უყურებდა; ვიდეორეფერის გადაწყვეტილებამ, რომელმაც მის გუნდს პენალტი გაუუქმა, იგი ძალიან გააბრაზა.
„ნაპოლის“ 40 წლის ქომაგმა უშვერი სიტყვების გამოყენება დაიწყო და VAR-ს შეურაცხყოფას აყენებდა. მის 35 წლის მეუღლეს ეგონა, რომ ლანძღვა მისი მისამართით იყო და ძალიან გაბრაზდა. მათ შორის კამათი დაიწყო, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა.
ქალბატონმა მეუღლე დაჭრა: მან „ნაპოლის“ ფანს ჭრილობა ჯერ მაკრატლით მიაყენა, შემდეგ კი სამზარეულოს დანაც გამოიყენა. ადგილზე პოლიცია გამოცხადდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს, დაზარალებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური პრესის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, „ატალანტასთან“ მარცხის შემდეგ „ნაპოლი“ საჩემპიონო ბრძოლას პრაქტიკულად გამოეთიშა. „პარტენოპეის“ 50 ქულა აქვს და ტურნირის დასრულებამდე 12 ტურით ადრე ლიდერ „ინტერს“ 14 ქულით ჩამორჩება.