ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა | იეგოიანის გამორჩეული სტატისტიკა
ირაკლი იეგოიანი „ექსელსიორის“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია და ერედივიზიეს მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს. ცნობილმა სააგენტომ, DataMB-მ, სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც მოწმობს, რომ იეგოიანი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.
DataMB-მ დაასახელა ევროპის ტოპ 7 ჩემპიონატში მოთამაშე 21 წლამდე ასაკის ნახევარმცველები, რომლებსაც ყველაზე მაღალი npxG აქვთ. npxG არის პენალტების გარეშე მოსალოდნელი გოლების ინდექსი. ეს სტატისტიკა აღწერს, რამდენად სახიფათოდ უტევს ფეხბურთელი თამაშიდან და რამდენად ამწვავებს სიტუაციებს.
DataMB-ის მიხედვით, ტოპ 7 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი არდა გიულერს აქვს — 5.11 (თამაშიდან მისი მოსალოდნელი გოლების ინდექსი). მეორე პოზიციაზე ნიკო პასი იმყოფება — 4.91. მესამე ადგილზე ოსკარ გლუხია — 4.10, ელი ჯუნიორ კრუპი მეოთხეა — 4.00, ხოლო იეგოიანი მეხუთე პოზიციაზე გახლავთ — 3.63.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში იეგოიანმა მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ირაკლი „ექსელსიორის“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, მისი გუნდი კი 26 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.