„ლამინთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ - აგუეროს ქამბექის სჯერა
რამდენიმე დღის წინ „ბარსელონამ“ არამხოლოდ წლევანდელ სეზონში, არამედ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია. კატალონიელები ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ადგილობრივ „ატლეტიკოსთან“ 0:4 დამარცხდნენ და უდიდესი ალბათობით საპასუხო შეხვედრაში ამხელა ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდას სერხიო აგუეროს, რომელმაც კარიერის ბოლო და მცირე ეტაპი „ბარსელონაშიც“ გაატარა.
სერხიო აგუერო
პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან „ბარსელონამ“ ქამბექი არაერთხელ შემოგვთავაზა. თანაც, როდესაც ლამინ იამალი ბრწყინავს, კლუბიც დასახულ მიზანს აღწევს. სიმართლე გითხრათ, გულთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენის გამო თამაშებს საერთოდ აღარ ვუყურებდი, თუმცა „ბარსელონაში“ ლამინის გამოჩენის შემდეგ, ფეხბურთისთვის თვალყურის მიდევნების ხალისი დამიბრუნდა.
იამალის მოედანზე ნახვა ყველას სურს, რადგან თითოეულმა იცის, რომ ის რაღაც განსაკუთრებულს მოიფიქრებს, რაც დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს. ლამინი ძალიან მომწონს და მისი შემხედვარე „ბარსას“ კიდევ უფრო დიდი გულშემატკივარი გავხდი.
ცნობისათვის, „ბარსელონა“ - ატლეტიკოს“ სამეფო თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი „ნოუ კამპზე“ 4 მარტს გაიმართება, იქამდე კი კატალონიელები სტუმრად „ჟირონას“ (16 თებერვალი), ხოლო საკუთარ სტადიონზე „ლევანტესა“ (22 თებერვალი) და „ვილიარეალს“ (28 თებერვალი) შეხვდებიან.