ბარსას სპორტულ მენეჯმენტში დაბრუნდება | Sport-ი მესის გეგმებზე წერს
„ინტერ მაიამის“ არგენტინელი ფორვარდი, ლიონელ მესი კარიერის დასრულების შემდეგ ესპანეთში დაბრუნებას გეგმავს და მზადაა, „ბლაუგრანას“ სპორტულ მენეჯმენტში იმუშაოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება.
„მიუხედავად იმისა, რომ მესი ოჯახთან ერთად ფლორიდაში თავს კომფორტულად გრძნობს, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ბარსელონაში აპირებს ცხოვრებას. ოჯახში ამ საკითხთან დაკავშირებით სრული კონსენსუსია.
ამის შემდეგ მესი მზად იქნება, კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთოს. პირველ ეტაპზე მას სურს, კლუბის სპორტულ მენეჯმენტს შეუერთდეს, ოღონდ ამისთვის პრეზიდენტისადმი ნდობა იქნება ყველაზე მთავარი“, - წერს გამოცემა.
რამდენიმე თვის წინ მესი მოულოდნელად ეწვია მშენებარე „კამპ ნოუს“ და ფოტოები გადაიღო, თუმცა ფეხბურთელის რანგში მისი კლუბში დაბრუნება პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან ცუდი ურთიერთობის გამოა გამორიცხული.
ამის შემდეგ ლაპორტამ განაცხადა, რომ „კამპ ნოუს“ მშენებლობის დასრულების შემდეგ სტადიონთან ლიონელ მესის ძეგლი დაიდგმევა, კლუბი კი არგენტინელს გამოსამშვიდობელ მატჩს მოუწყობს.
აქვე გეტყვით, რომ მესიმ „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა. გასულ სეზონში არგენტინელმა 49 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი შეასრულა, „ინტერ მაიამი“ კი ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონი გახდა.