Drake-ის წყევლა, ქორწილი და სიეტლის დომინაცია | სიჰოუქსის ტრიუმფი სუპერბოულში
კალიფორნიაში, „ლივაის სთედიუმზე“, რიგით მე-60 „სუპერ ბოული“ გაიმართა. ვინს ლომბარდის სახელობის თასისთვის ერთმანეთს „სიეტლ სიჰოუქსი“ და „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი“ დაუპირისპირდნენ, სადაც „სიეტლმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა — 29:13.
„სუპერ ბოულის“ დაწყებამდე ყურადღების ცენტრში ცნობილი რეპერი Drake-ი მოექცა. მან 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფსონი განათავსა და „ნიუ ინგლენდის“ მოგება ივარაუდა. „პეტრიოტსის“ გულშემატკივართა სამწუხაროდ, მათი ფავორიტი გუნდისთვის „სიჰოუქსის“დაცვა და ე.წ. Drake-ის წყევლა გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.
„ნიუ ინგლენდმა“ პირველ სამ მეოთხედში ქულა ვერ აიღო და გადამწყვეტი პერიოდის წინ 0:12-ს აგებდა. მეოთხე მეოთხედში „პეტრიოტსმა“ ანგარიში 7:19 გახადა, თუმცა „სიეტლის“ დაცვა კვლავ ფენომენალური იყო — მომდევნო ორ შეტევაში „ნიუ ინგლენდს“ ბურთი დააკარგვინა და მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა.
„სიეტლი“ „სუპერ ბოულის“ გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა, ფინალის MVP კი „სიჰოუქსის“ რანინგ ბექმა, კენეთ უოკერ მესამემ, დაისაკუთრა.
საინტერესოა, რომ შესვენებაზე სტადიონზე შეკრებული გულშემატკივრების წინაშე Bad Bunny წარდგა. მისი პერფორმანსის დროს ქორწილიც ვიხილეთ — წყვილმა, რომელსაც დაქორწინება სურდა, Bad Bunny ცერემონიაზე დაპატიჟა, თუმცა მომღერალმა ისინი ქორწილში მისვლის ნაცვლად „სუპერ ბოულის“ შოუზე მიიწვია და წყვილმა მთელი აშშ-ის თვალწინ იქორწინა.