რეკორდული ფასი | სუპერბოულის დროს რეკლამა 10 მილიონი ღირს
NFL-ის წლევანდელი სეზონის სუპერ ბოული თბილისის დროით 9 თებერვალს გაიმართება. ვინს ლომბარდის თასისთვის ერთმანეთს „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი“ და „სიეტლ სიჰოუქსი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრას „ლივაის სტედიუმი“ უმასპინძლებს.
სუპერ ბოულის მოახლოებას გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან და ფინალური მატჩისთვის კომპანიები განსაკუთრებით ემზადებიან. ისინი სპეციალურად სუპერ ბოულისთვის განკუთვნილ რეკლამებს იღებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა ფართო პუბლიკას თავი დაამახსოვრონ.
Deadline-ის ინფორმაციით, წლევანდელი სუპერ ბოული რეკორდს დაამხობს. ფინალური მატჩის მიმდინარეობისას სარეკლამო ბლოკის 30-წამიანი ნაწილი 10 მილიონი აშშ დოლარი ეღირება. აქამდე საუკეთესო შედეგი 8 მილიონი დოლარი გახლდათ, რომელიც შარშან დაფიქსირდა.
მოსალოდნელია, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას Disney-ის („მანდალორელი და გროგუ“), Lionsgate-ის (ფილმი მაიკლ ჯექსონზე), Paramount-ის („კივილი 7“) და სხვა ცნობილი კომპანიების რეკლამებს ვიხილავთ.