ვილიარეალი, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

მარსელინო: “ვფიქრობ ახლა ვილიარეალი ცოტა არათანმიმდევრულია“

ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „ვილიარეალი“ საკუთარ სტადიონზე ბრუნდება და სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტს  „ესპანიოლს“  უმასპინძლებს. მატჩის წინ, ყვითელი წყალქვეშა ნავის თავკაცმა მარსელინო გარასია ტორალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მარსელინო:

„უარყოფითი შედეგების სერიიდან გამოვდიოდით. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე მივედით იმ ეტაპამდე, როცა სპორტული მიზნები აღარ გვქონდა და ეს ყოველთვის მოქმედებს ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე, როცა ასეთ მატჩებს თამაშობს და უკვე შემდეგ შეხვედრაზე ფიქრობს — განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაშებს შორის ასეთი მცირე დროა, როგორც ეს პამპლონაში მატჩის წინ მოხდა.

ლა ლიგაში რთული მატჩები გამოვიარეთ. რეალთან თამაში ადვილი არასდროს არის. არც ბეტისთან გასვლა არის მარტივი. ორივე მატჩში კონკურენტუნარიანად გამოვიყურებოდით. შემდეგ პამპლონაში მოგვიწია გასვლა, რაც კიდევ ერთი ძალიან მძიმე გასვლითი მატჩია.

ჩვენ ვაჩვენეთ კარგი ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა ბურთით თამაშში უფრო მეტი სიხისტე და თავისუფლება გვინდოდა, მაგრამ მეტოქის მოქმედებაც უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ სწორედ შინ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც სეზონის დასაწყისში დავისახეთ.

ახლა კარგ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ადასტურებს საკუთარ ხარისხს და აგრძელებს იმას, რაც გასული სეზონის მეორე ნახევარში აჩვენა. ვიცით, რომ სირთულეები იქნება, მაგრამ მოთამაშეების შრომითა და გულშემატკივრების მხარდაჭერით ვიმედოვნებთ, რომ სამ ქულას მოვიპოვებთ.

ეს ფეხბურთის ბუნებაა, ყველაფერი დინამიკაზეა დამოკიდებული. ყველა გუნდისთვის სულ უფრო რთული ხდება სტაბილურობის შენარჩუნება ტურნირების დატვირთვის გამო. ჩვენს შემთხვევაში, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ერთდროულად თამაში — გუნდისთვის, რომელსაც ისტორიულად ასეთი გამოცდილება არ ჰქონია — ძალიან მძიმეა. ევროპულ ტოპ-ლიგებში იშვიათია გუნდები, რომლებიც ორივე ტურნირში ერთდროულად ინარჩუნებენ მაღალ დონეს. ვფიქრობ, ამან ფიზიკურად და მენტალურად დიდი კვალი დაგვატყო.

ამ ყველაფერმა გარკვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაღლილობა გამოიწვია. ვფიქრობ, სრული სავარჯიშო კვირები ძალიან დაგვეხმარება სტაბილურობის დაბრუნებაში, რადგან მგონია, რომ გუნდი გარკვეულწილად არათანმიმდევრულია. ბოლო მატჩებში ავტოგოლები გავიტანეთ, რიკოშეტებიდან გოლები გავუშვით, ზოგჯერ მეტოქესაც გაუმართლა. შეტევაში დავკარგეთ ინტენსივობა. ეს ყველაფერი გადატვირთული კალენდრის შედეგია, რომლის დაძლევასაც, იმედია, მალე შევძლებთ.“

შეგახსენებთ, რომ ვილიარეალისა და ესპანიოლის დაპირისპირება 9 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები